Thumbnail

ნადალის 35-ე მასტერსი! რაფამ ცინცინატიზე უარი თქვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალმა Rogers Cup მეხუთედ მოიგო
  • ესპანელისთვის ეს 35-ე მოგებული მასტერსია
  • ფინალში რაფამ მედვედევი ორ სეტში დაამარცხა

რაფაელ ნადალმა კარიერაში 35-ე მასტერსი მოიგო. 33 წლის მოქმედმა ჩემპიონმა, მონრეალის ფინალში რუსი დანიილ მედვედევი ძალიან ადვილად, სულ რაღაც 70 წუთში, 6:3, 6:0 დაამარცხა. რაფასთვის ეს ATP ტურზე ჯამში 83-ე ტიტულია.

“სოლიდური მატჩი ჩავატარე. ორი აზრი არ არსებობს: ამ კვირაში ჩემი საუკეთესო თამაში სწორედ ფინალში ვაჩვენე. ბევრი რამ გავაკეთე სწორად და შედეგიც ლოგიკურია,” - განაცხადა ნადალმა მატჩის შემდეგ.

როგორც იცით, Rogers Cup ტორონტოსა და მონრეალში მონაცვლეობით ტარდება ხოლმე - ნადალმა ეს ტურნირი მეხუთედ მოიგო (2005, 2008, 2013 და 2018 წლების ტრიუმფების შემდეგ).

ნადალს ახლა უკვე 35 მასტერსი აქვს მოგებული. შედარებისთვის: ნოვაკ ჯოკოვიჩს მასტერსის 33 ტიული აქვს, როჯერ ფედერერს კი - 28. მონრეალში მათ არ უასპარეზიათ.

ფინალის მოგების შემდეგ, ნადალმა მალევე განაცხადა, რომ ცინცინატის მასტერსზე არ იასპარეზებს. ესპანელის თქმით, მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. შეგახსენებთ, რომ რაფან ცინცინატის მასტერსზე შარშანაც არ იასპარეზა. ნადალისთვის პრიორიტეტი ამერიკის ღია პირველობაა, რომელიც 26 აგვისტოს იწყება და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მედვედევისთვის, რომელიც მსოფლიოს მე-9 ჩოგანია, 1000-იან ტურნირზე ეს პირველი ფინალი გახლდათ. გარდა ამისა, რუსი ნადალს კარიერაში პირველად ეთამაშა. შეგახსენებთ, რომ ნადალი მასტერსის მისთვის 51-ე ფინალში ბრძოლის გარეშე გავიდა - ნახევარფინალში ფრანგმა გაელ მონფილსმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

📺 ვიდეო: ნადალი 6:3, 6:0 მედვედევი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები