Thumbnail

ტრანსფერები | ბეილი მიუნხენში ისევ აქტუალურია! ზუსტად ისე, როგორც ხამესი?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეროის სანეს ტრავმამ ბაიერნი გარეთ ბეილზე დააფიქრა
  • რეალსაც ურჩევნია, რომ უელსელი მიუნხენში გაუშვას

შაბათს, ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი მიუნხენური გრანდის ფანებს დაპირდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (2 სექტემბერი) ჩვენთვის რაღაც აუცილებლად მოხდებაო. ეს “რაღაც”, უფრო სწორად კი “ვიღაც” რეკორდმაისტერისთვის მართლაც აუცილებელია - ქომაგები გუნდის გაძლიერებას ელოდებიან. ესპანური მედია წერს, რომ ლეროი სანეს ტრანსფერის ჩაშლის (ტრავმის გამო) შემდეგ, მიუნხენელები გარეთ ბეილის საკითხს დაუბრუნდნენ!

რამდენიმე დღის წინ Sky წერდა, რომ ბავარიელები უელსელზე აღარ ფიქრობდნენ, მაგრამ მას მერე სანემ ტრავმა მიიღო, რამაც მიუნხენელთა აზრი შეცვალა. ესპანური მედია იტყობინება, რომ ბეილი მიუნხენში ისევ სერიოზული თემაა.

ტელეკომპანია ‘ტელემადრიდი’ იტყობინება, რომ სანეს ტრავმის შემდეგ, ბაიერნის ნომერ პირველი სამიზნე ისევ 30 წლის უელსელი გახდა. ბაიერნის ხელმძღვანელებს მადრიდელ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც მოლაპარაკებებს და შეთანხმებას გააადვილებს. როგორც ირკვევა, ბაიერნი რეალს ისეთივე პაკეტს სთავაზობს, როგორითაც, თავის დროზე, რეალიდან ხამეს როდრიგესი გადაიბირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბეილი მიუნხენში იჯარით გადავა და ბაიერნს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.

ერთადერთი პრობლემა ბეილის ძალიან მაღალი ხელფასია. რეალში მას წელიწადში 17 მილიონი ევრო აქვს. არის კი მზად რეკორდმაისტერი, რომ ასეთი ხელფასი დაუნიშნოს? ესპანელები წერენ, რომ რეალსაც ურჩევნია, უელსელი მიუნხენში გაუშვას. მართალია, მადრიდელებს ურჩევნიათ, რომ ბეილი გაყიდონ, მაგრამ უელსელის სანაცვლოდ შესაბამის თანხას არავინ იხდის.

წაიკითხეგარეთ ბეილის პრობლემა - როგორ დარჩა უელსელი მარტო

 

კომენტარები

ბოლო ამბები