Thumbnail

ჰოლანდია ტრაგედიას გადაურჩა - ალკმაარის სტადიონის სახურავი ჩამოინგრა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ქარიშხალმა ალკმაარის სტადიონი დააზარალა
  • ეს ამ სტადიონის მეორე სერიოზული ინციდენტია

ჰოლანდიაში ძლიერი ქარის გამო AFAS სტადიონის სახურავი, სადაც ერედივიზიეს AZ ალკმაარი თამაშობს, ჩამოინგრა. საბედნიეროდ, ეს მაშინ მოხდა, როცა სტადიონზე არავინ იმყოფებოდა. ასე რომ, ჰოლანდია დიდ ტრაგედიას გადაურჩა. 

სამხრეთ ჰოლანდიაში ქარიშხალი მძვინვარებდა, რის გამოც რამდენიმე შენობას სახურავი აეხადა, ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ის ერედივიზიეს გუნდის სტადიონსაც დააზარალებდა. 

AFAS 17 ათასზე ოდნავ მეტ ადამიანს იტევს. ალკმაარი კი 40 კილომეტრითაა დაშორებული ამსტერდამიდან. 

ალკმაარს ევროპალიგის მატჩი ელის მარიუპოლთან, რომელიც ალბათ, გადაიდება.  ალკმაარის სტადიონზე ეს პირველი სერიოზული ინციდენტი არ არის - 2013 წელს ტრიბუნებს ხანძარი ბერძნულ ატრომიტოსთან მატჩის დროს გაუჩნდა, გულშემატკივართა ევაკუაცია მოხდა, თამაში კი 57-ე წუთზე შეწყდა.  

"ყველანი შოკში ვარ და ამავდროულად, ძალიან გვიხარია, რომ არავინ დაშავდა. ამ სტადიონზე თამაშები აღარ გაიმართება, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებით, რომ სტადიონი უსაფრთხოა", - განაცხადა ალკმაარის დირექტორმა რობერტ ეენჰორნმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები