Thumbnail
  • დორტმუნდის იაპონელი ნახევარმცველი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
  • 30 წლის ფეხბურთელი სარაგოსაში გიორგი პაპუნაშვილთან ერთად ითამაშებს

დორტმუნდის ბორუსიამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ გუნდი იაპონელმა ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ დატოვა. 30 წლის ფეხბურთელი მომავალ ორ სეზონს ესპანურ სარაგოსაში გაატარებს, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი იცავს.

"შინჯი ჩვენი კლუბის დამსახურებული მოთამაშეა. ის გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარა და თავს არ ზოგავდა მისთვის. კაგავა პროფესიონალიზმის ეტალონი და ბრწყინვალე ადამიანია. დორტმუნდი ყოველთვის იქნება მისი მეორე სახლი, სადაც უამრავი მეგობარი დარჩა. შინჯის ყოველთვის სურდა ძალების ესპანეთში გამოცდა და რა თქმა უნდა, ჩვენ მას ხელი არ შევუშალეთ", - თქვა გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

შინჯი კაგავა სერესო ოსაკას აღზრდილია, საიდანაც 2010 წელს დორტმუნდის ბორუსიაში აღმოჩნდა. 2012 წელს ჰავბეკი მანჩესტერ იუნაიტედმა შეიძინა, სადაც იაპონელმა ორი სეზონი გაატარა და შემდეგ ისევ დორტმუნდის კლუბში დაბრუნდა. კაგავამ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ბეშიქთაშში გაატარა.

სარაგოსა ლა ლიგა 2-ში გამოდის. გუნდმა გასული სეზონი 51 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები