Thumbnail
  • უეფამ ბარსას კაპიტანი გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელა
  • გამოარჩიეს გოლი, რომელიც არგენტინელმა საჯარიმოდან ლივერპულს გაუტანა
  • სეზონის გოლის ავტორობაზე პრეტენზია კრიშტიანო რონალდოსაც ჰქონდა 

უეფამ ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესი 2018/19 წლების საფეხბურთო სეზონში მისი ეგიდით გამართულ ტურნირებში (როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ასევე - ქალთა ფეხბურთსა და ასაკობრივ ტურნირებში) საუკეთესო გოლის ავტორად დასახელა. 

გოლს, რომელიც არგენტინელმა თავდამსხმელმა ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში საჯარიმო დარტყმით გაიტანა, გულშემატკივრების ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ½-ფინალში ბარსელონამ ლივერპული შინ ანგარიშით 3:0 დაამარცხა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში სტუმრად 0:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 

"ნოუ კამპზე" ჩატარებულ შეხვედრაში ლეომ ალისონს ჯამში ორი გოლი გაუტანა, ამ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პრესტიჟული ჯილდოსთვის ლიონელ მესის კონკურენტები იყვნენ: ისმაილა სარი (რენი), დავიდ ფაუპალა (აპოლონი), პედრო როდრიგესი (ჩელსი), ენცო მიო (U17 საფრანგეთის ნაკრები), კატერინა სვიტკოვა (სლავია), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ნანი (ლისაბონის სპორტინგი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა) და დანილო (პორტუგალიის ნაკრები).

რაც შეეხება მესის მუდმივი მეტოქის, კრიშტიანო რონალდოს გოლს, რომელიც უეფას გამოკითხვაში მონაწილეობდა, ის ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მანჩესტერ იუნაიტედთან საშინაო შეხვედრაში შეაგდო. საბოლოოდ ის მატჩი ტურინელებმა ანგარიშით 1:2 დათმეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები