Thumbnail

გარეთ ბეილის პრობლემა - როგორ დარჩა უელსელი მარტო

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • გარეთ ბეილი რეალში აღარავის სჭირდება, მაგრამ ის ჯერ კიდევ რეალშია
  • როგორ მივიდა უელსელი სუპერვარსკვლავი ამ მდგომარეობამდე

სატრანსფერო ფანჯარა ინგლისში ისე დაიხურა, რომ გარეთ ბეილის პრემიერლიგაში დაბრუნება არ შედგა. უფრო მეტიც, ეს საკითხი სერიოზულად არც განხილულა. ის არც მადრიდის რეალმა შეიყვანა განაცხადში თავისი ამხანაგური მატჩის წინ და საერთოდ ისეთი პირი უჩანს, რომ 30 წლის უელსელი არავის აღარ სჭირდება.

ერთი შეხედვით, ეს ძალიან უცნაური ამბავია - გარეთ ბეილის კლასი და პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დამდგარა. ეს არ არის, მაგალითად, მაურო იკარდის შემთხვევა, რომელთან ურთიერთობასაც საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილი მისი ხასიათის და იმიჯის გამო თავს არიდებს. ეს არც გონსალო იგუაინის შემთხვევაა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, თავის სათამაშო ფორმას იმდენად სწრაფად კარგავს, რომ სუპერკლუბები მისით აღარ ინტერესდებიან. ბეილის ისტორია უფრო ვერშეწყობის და ადამიანური იმედგაცრუების ამბავია - უელსელი, რომელმაც მადრიდში ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო, მათ შორის ორი გამარჯვება რეალმა პირადად მისი გოლებით იზეიმა, თავიდანვე, ადამიანურად და კულტურულად უცხო გარემოში მოხვდა. რეალი არ იყო მისი გუნდი, ხოლო მადრიდი მისი ქალაქი - იქ გატარებული 6 წლის შემდეგაც კი, რაც საფეხბურთო სამყაროში ძალიან დიდი დროა, არაფერი შეცვლილა.

კრიშტიანო რონალდოს ჩრდილში

გარეთ ბეილი კრიშტიანო რონალდო არ არის. ეს არც არის საწყენი - კრიშტიანო რონალდო მხოლოდ ერთია, თუმცა ბეილი ამ ფაქტს რთულად შეხვდა. მადრიდში ის სხვა ამბიციით მივიდა - ის რეალის უპირველესი ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო - რეკორდული 100 მილიონიანი ტრანსფერი და კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სრული მხარდაჭერა. თუკი კრიშტიანოს ტრანსფერი პერესის წინამორბედმა რაულ კალდერონმა შეათანხმა, ბეილის ტრანსფერი პირადად ფლორენტინოს შემოქმედება იყო და მასაც ძალიან სურდა, ბეილი მადრიდის მთავარი ვარსკვლავი ყოფილიყო.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს ამბავი პრესამ შეფუთა ასე, თუ თავად ბეილი და მისი გუნდი (აგენტი, მარკეტინგი) ჩაერთო ამ დაპირისპირებაში. მადრიდში ჩასვლის პირველივე დღიდანვე კრიშტიანომ ბეილი გამოწვევად აღიქვა და დაიწყო იმის გაკეთება, რაც დედამიწაზე ყველაზე უკეთ იცის - თავისი გოლებით იმის დამტკიცება, რომ ყველაზე მაგარია. ამ დაპირისპირებაში ბეილს შანსი არ ჰქონდა - კრიშტიანოსთვის გოლები იდეაფიქსია, მას წლების მანძილზე, კვირიდან კვირამდე მანიაკალური სიჯიუტით და მონდომებით შეუძლია, გაიტანოს გოლები. დაუსრულებლად! გოლები კრიშტიანოსთვის თითქოს ჰაერია, კონკურენცია, სხვებისთვის საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების სურვილი კი - საკვები, რომელიც მას აცოცხლებს.

მოკლედ, კრიშტიანო ამ კონკურენციის დროს თავის ბუნებრივ მდგომარეობაში იყო, მას ენერგია ემატებოდა, ბეილი კი კრიშტიანოსთან კონკურენციამ იმდენად დაღალა, რომ მას ფსიქოლოგთან კონსულტაციები სჭირდებოდა, რადგან კრიშტიანოს ლიდერობა მასზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო.

პარალელურად, ბეილის აგენტი მთელ პლანეტას უყვებოდა, რომ თუკი რეალის მწვრთნელები თამაშს ბეილზე ააწყობდნენ, უელსელი ბევრად უფრო მაგრად ითამაშებდა. ბეილის გუნდი (აგენტი, მარკეტინგი) უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ რეალი (ანჩელოტი, ზიდანი) თამაშს კრიშტიანოზე აწყობდა.

კარლო ანჩელოტი: „ბეილის აგენტი პერესთან მივიდა და მოითხოვა, რომ გარეთს ათი ნომრის პოზიციაზე, თავდამსხმელების უკან ეთამაშა და არა ფლანგზე, რათა ბურთი უფრო ხშირად ჰქონოდა. პრობლემა ის არის, რომ ჩემს გუნდში ეს პოზიცია საერთოდ არ არსებობდა.“

კრიშტიანოს წასვლის შემდეგ, რეალის ლიდერი ბეილი უნდა გამხდარიყო, თუმცა აქედან რა გამოვიდა, შარშან ვნახეთ. შედეგად, სეზონის მეორე ნახევარში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნები ბეილს უკვე აშკარად უსტვენდნენ - უელსელი ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა არა ლიდერი.

ენის პრობლემა - არავინ ელაპარაკება ბეილს

ანეკდოტად არის ქცეული, რომ 6 წლის მანძილზე ბეილმა ესპანური ვერ/არ ისწავლა. თანაგუნდელებიდან იგი მხოლოდ ლუკა მოდრიჩს ეკონტაქტებოდა, რომელმაც ტოტენჰემში გატარებული წლების შემდეგ, ასევე ძალიან კარგად იცის ინგლისური.

მარსელო: „ბეილის სკამი გასახდელში ჩემს გვერდითაა, ესპანური არ იცის და 6 წელია, მას მხოლოდ „გამარჯობას“ და „ნახვამდის“ ვეუბნები“.

ამ საკითხზე „ემირეტსმა“, რეალის ერთ-ერთმა სპონსორმა, სარეკლამო კლიპიც კი გადაიღო - თანაგუნდელები ხუმრობენ, თუ როგორ არ ესმის ბეილს ესპანური.

ენის არცოდნას დაემატა ისიც, რომ ბეილს არც დიდი სურვილი ჰქონდა, მადრიდში თავისი ოჯახის და გარემოცვის გარდა, ვინმესთან ეკონტაქტა. გულშემატკივართან ურთიერთობას ყოველთვის თავს არიდებდა და ტრიბუნებს იგი არასოდეს ჰყვარებიათ. შედარებისთვის: მაგალითად, სერხიო რამოსი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნების ფავორიტი და მადრიდიზმის მთავარი სიმბოლო, გულშემატკივარს ყოველთვის აგრძნობინებს, რომ ის ერთ-ერთი მათგანია.

რეალის გასახდელი და ის ურთიერთობები, რომელიც ამ გუნდშია, ბეილისთვის უცხო და რთულად გასაგები იყო. იგი მყისვე იზოლირებული აღმოჩნდა დანარჩენი გუნდიდან. ამას დაემატა, რომ იგი ესპანური ცხოვრების წესს ვერ მოერგო. ეს ბრიტანელებისთვის სტანდარტული პრობლემაა - წლების წინ იგივე დაემართა მადრიდში მაიკლ ოუენსაც.

მადრიდი ძალიან ესპანური ქალაქია, უფრო მეტად, ვიდრე ბარსელონა - ეს ბეილისთვის აბსოლუტურად უცხო და რთულად გასაგები კულტურული წრე იყო, ცხოვრების წესი, რომელიც, მისთვის, როგორს ტიპური ბრიტანელისთვის, რთულად გასაგები აღმოჩნდა. მაგალითად, ბეილი 11 საათზე იძინებს, რეალის ფეხბურთელებს კი ძალიან უყვართ გვიან საღამოს, ვახშმად, მთელი გუნდით წასვლა - ეს მადრიდისთვის ჩვეული ცხოვრების წესია. ამ ტიპის შეკრებებს ორი მოთამაშე აკლია ხოლმე - ბრიტანელი ბეილი და გერმანელი ტონი კროოსი - მოთამაშეები, რომელიც იმ კულტურებიდან არიან, სადაც ღამის 11 ან 12 საათზე სავახშმოდ წასვლა, უცნაურად გამოიყურება. ასე შერჩა, ბეილს რეალის გასახდელში საკმაოდ ირონიული მეტსახელი - „მარსიანელი“, ადამიანი, რომლის მენტალიტეტიც მათთვის იმდენად რთულად გასაგებია, რომ არ სჯერათ, რომ ამ პლანეტიდანაა. (ბეილის მეორე მეტსახელზე ქვემოთ გეტყვით).

მრავლისმეტყველი იყო ერთი ეპიზოდი: როდესაც გასულ სეზონში ბეილის გოლის შემდეგ მასთან აღსანიშნავად ლუკას ვასკესი მივიდა, უელსელმა იგი უხეშად მოიშორა. გაუცხოებამ იმ მასშტაბს მიაღწია, რომ ბეილს თანაგუნდელებისგან მილოცვაც კი არ სურდა მიეღო.

შეხსენებისთვის: ლუკას ვასკესის ყველაზე ახლო მეგობარი სერხიო რამოსია, ყველაზე გავლენიანი კაცი რეალის გასახდელში.

გოლფი და ტრავმები

თუკი ბეილს არ ესმის, მისი თანაგუნდელები, როგორ ერთობიან, გუნდელებისთვის ბეილის გართობაა ძალიან უცხო. უელსელს სიგიჟემდე უყვარს გოლფი და თითქმის მთელ თავისუფალ დროს გოლფს უთმობს. მადრიდში სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ ბეილის ქრონიკული ტრავმები მის გოლფით გატაცებასთანაც იყო კავშირში. ანჩელოტიც და ზიდანიც მას ამ თემაზე ესაუბრნენ, თუმცა ბეილს გოლფის თამაში არ შეუწყვეტია - მეტიც, უელსში მას საკუთარი გოლფის მოედანიც კი აქვს. რეალის გასახდელში მას დაცინვით „გოლფერსაც“ უწოდებენ.

ტრიბუნებზე კი ბეილის ქრონიკული ტრავმების გამო ხშირად ისმის, რომ ის „ფაიფურის“ არის. ბეილის ტრავმები ცალკე სალაპარაკო თემაა. მადრიდული 6 სეზონის განმავლობაში მუდმივმა ტრავმებმა მას მხოლოდ ერთხელ მისცა საშუალება სეზონში 30 თამაშზე მეტი ჩაეტარებინა. რომ არა ტრავმები, უელსელი თავისი პოტენციალის გამოყენებას უფრო მეტად შეძლებდა.

გაფუჭებული ურთიერთობა ზიდანთან

ბეილის ურთიერთობა ზიდანთან თავიდანვე არ აეწყო. თუკი უელსელს, როგორც პერესის ფავორიტს, ანჩელოტიზე ზეწოლის საშუალება ჰქონდა, ზიდანზე, საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პერსონაზე ზეწოლის შესაძლებლობა ნულოვანი იყო. ზიდანმაც ბეილი 2017 წლის ფინალში, იუვენტუსის წინააღმდეგ, სათადარიგო სკამზე დატოვა - მიუხედავად იმისა, რომ ბეილი სპეციალურად ფინალისთვის გამოჯანმრთელდა.

მის არყოფნაში ისკო ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ზიდანმაც ბეილს სწორედ ესპანელი ამჯობინა. იგივე მოხდა 2018 წლის ფინალში - ბეილი სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში და მისმა გოლებმა რეალს ტიტული მოუტანა, თუმცა ნაწყენი უელსელი თამაშის მერე მოედანზეც კი არ დარჩა და არ აღნიშნა გამარჯვება თანაგუნდელებთან ერთად.

ბეილი ზიდანის ხელში გუნდის ლიდერად არ მოიაზრებოდა და ესპანური პრესის ცნობით, ზიდანის წასვლის ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ მას უელსელთან მუშაობა არ სურდა - კრიშტიანოს წასვლის შემდეგ ზიდანი ახალი ლიდერების შეძენას უჭერდა მხარს, პერესი კი ფიქრობდა, რომ კრიშტიანოს როლი ბეილს შეიძლებოდა შეესრულებინა. ხულიენ ლოპეტეგის მწვრთნელად მოყვანის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო - ლოპეტეგი, ზიდანისგან განსხვავებით, ძალიან კარგად ფლობს ინგლისურს და მას ბეილთან მუშაობა უნდა გაადვილებოდა. რა გამოვიდა აქედან, ყველამ ვნახეთ.

ხელფასი, რომელსაც არავინ იხდის

ბეილს მადრიდული კონტრაქტით წელიწადში 17 მილიონი ეკუთვნის და მას არცერთ შემთხვევაში არ სურს, რომ ხელფასი ახალ გუნდში დაიკლოს. ლივერპულთან ფინალის შემდეგ მან თანაგუნდელებს ამის შესახებ უთხრა კიდეც.

გარეთ ბეილი: „თუკი რეალს ჩემი გაშვება უნდა, მათ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა სრულად უნდა გადამიხადონ.“

კონტრაქტით ბეილს სამი წელი და 50 მილიონამდე ევრო ეკუთვნის. ტრავმების და რეალთან გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ, მას საფეხბურთო ბაზარზე სუპერვარსკვლავად არავინ მოიაზრებს - ის უბრალოდ ძალიან კარგი ფეხბურთელია. 17 მილიონი კი სუპერვარსკვლავის ხელფასია. შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც რეალს მისი გაშვება სურს, მყიდველი არ ჩანს. ბეილის 6 წელი მადრიდში შესაძლოა დიდი გამარჯვებების ისტორია ყოფილიყო - 4 ჩემპიონთა ლიგა და გოლები ფინალში.

თუმცა ეს ყველაფერი ადამიანურმა ფაქტორმა გადაფარა, ბეილი მადრიდისთვის უცხო ორგანიზმად დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები