Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნი ლეროი სანეს, დიდი ალბათობით, აღარ იყიდის
  • გერმანული მედია 4 ალტერნატივაზე წერს

ბაიერნს ლეროი სანეს შეძენა ძალიან უნდოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მანჩესტერ სიტიმ მაქსიმალურად გაწელა მოლაპარაკებები, ბოლოს კი 23 წლის გარემარბმა სერიოზული ტრავმაც მიიღო და ოპერაცია სჭირდება, რამაც მიუნხენურ გრანდში შესაძლო ტრანსფერს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. 

ამრიგად, მინიმუმ 100-მილიონიანი ტრანსფერი ჩაიშალა. მართალია, ზოგიერთი გერმანული გამოცემა წერს, რომ მიუნხენში სანეზე ჯერ კიდევ ფიქრობენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეკორდმაისტერმა ასეთი დიდი თანხა გადაიხადოს ფეხბურთელში, რომელიც რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს.

ლეროი სანეს ოპერაცია სჭირდება

ფაქტია, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე ბაიერნმა ვინმე უნდა იყიდოს - ბავარიელებს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის წასვლის შემდეგ, ფლანგებზე სიცარიელე აქვთ. ‘ბილდის’ ინფორმაციით, რეკორდმაისტერის შეფები კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი სანეს 4 ალტერნატივას განიხილავენ.

ტიმო ვერნერი (23 წლის, ლაიპციგი, კონტრაქტი 2020 წლამდე): ლაიპციგის თავდამსხმელი ტაქტიკური თვალსაზრისით საკმაოდ მოქნილია. მას შეუძლია როგორც ცენტრფორვარდის, ისე გარემარბის პოზიციაზე თამაში. ვერნერის ფასი 25-დან 30 მილიონ ევრომდეა. იგი ბაიერნში გადასვლაზე უარს არ იტყვის.

ტიმო ვერნერი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელია

სტივენ ბერგვინი (21/ეინდჰოვენი/2022): პსვ-ს ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ახლახან უოტფორდში გადასვლაზე უარი განაცხადა. მისი შეძენა ესპანურ სევილიასაც სურს. ბაიერნს ჰოლანდიელის ყიდვა დაახლოებით 40 მილიონ ევროდ შეუძლია.

ჰაკიმ ზიეხი (26/აიაქსი/2021): ‘ბილდი’ წერს, რომ ბაიერნის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩსა და ამსტერდამის აიაქსის ხელმძღვანელობას შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. 26 წლის შემტევის ფასი 40 მილიონია.

ჰაკიმ ზიეხი აიაქსის ერთ-ერთი ლიდერია

ივან პერიშიჩი (30/ინტერი/2022): გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, სანეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბაიერნში გადასვლის ყველაზე რეალური კანდიდატი მილანის ინტერის გარემარბი ივან პერიშიჩია. ის პირადად ბაიერნის მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის ფავორიტია, რომელიც პერიშიჩის თანამემამულეც გახლავთ. პერიშიჩი გერმანულ ფეხბურთს და ბუნდესლიგას ძალიან კარგად იცნობს - ინტერამდე დორტმუნდის ბორუსიასა და ვოლფსბურგში თამაშობდა. თანაც, იტალიაში წერენ, რომ ‘ნერაძურის’ ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს პერიშიჩი დიდად არ მოსწონს. ხორვატი დაახლოებით 30 მილიონი ევრო ღირს.

მილანის ინტერი ივან პერიშიჩის გაყიდვაზე თანახმა იქნება

ცნობილია, რომ ბაიერნის შეფები პაულო დიბალას გადაბირებაზეც ოცნებობენ, მაგრამ იუვენტუსის არგენტინელი ფორვარდის სახელფასო ამბიცია თვით მანჩესტერ იუნაიტედმა და ტოტენჰემმაც ვერ დააკმაყოფილეს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვირაში დაახლოებით 300 000 ევრო დიბალას ჰიონესმა და რუმენიგემ გადაუხადონ...

ბაიერნმა გუშინ, ამხანაგურ მატჩში როტახ ეგერნს 23:0 (!) მოუგო, რაც საშუალოდ 4 წუთში 1 გოლს ნიშნავს და მიუნხენელები კარგ ხასიათზე არიან, მაგრამ ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში რეკორდმაისტერს როტახ ეგერნის მსგავს გუნდებთან თამაში არ მოუწევს...

📺 ვიდეო: ბაიერნი 23:0 როტახ ეგერნი 

FC Rottach-Egern 0-23 FC Bayern | Highlights

It was a memorable debut for Lucas Hernández last night 😏 All the highlights from our 23-0 win against Rottach-Egern 👇

Posted by FC Bayern München on პარასკევი, 09 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები