Thumbnail
  • ფეიენოორდი 4:0 დინამო თბილისი
  • დინამომ დე კუიპზე თამაში კაცნაკლულებმა ჩაამთავრა
  • როტერდამელებმა პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს
  • საპასუხო მატჩი თბილისში მაყურებლის გარეშე ჩაივლის

თბილისის დინამომ უეფას ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად როტერდამის ფეიენოორდთან ჩაატარა და უშანსოდ, ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხდა. პლუს, დიდი ალბათობით, საპასუხო დაპირისპირება "დინამო არენაზე" მაყურებლების გარეშე ჩაივლის და შეიძლება ითქვას, ტურნირის საკვალიფიკაციო პლეი ოფში დინამოს გასვლის შანსი თეორიულია.   

ფეიენოორდს ქომაგის მხარდაჭერა არც დინამოსთან აკლდა 

POPSPORT-ის ინფორმაციით, თბილისურმა კლუბმა მატჩის წინ უეფას თხოვნით მიმართა, რათა 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებთ, დინამოელებისთვის როტერდამის არენაზე შავი სამკლავურებით გასვლის უფლება მიეცა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ქართული მხარის თხოვნა არ დააკმაყოფილა. 

თამაშის წინ ფეიენოორდის ტვიტერმა 1981 წლის თასების მფლობელთა თასზე დინამოსთან დაპირისპირება გაიხსენა (ქართულ ენაზე) და გამოთქვა ვარაუდი, რომ ქომაგი ბრწყინვალე დაპირისპირების მომსწრე გახდებოდა, თუმცა როტერდამში ნამდვილად ცალკარა ვიხილეთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - დღეს ფეიენოორდსა და დინამო თბილისს შორის სათამაშო კლასში სხვაობა კოლოსალურია.  

"დე კუიპზე" თამაში მასპინძლების შტურმით დაიწყო და დინამო გაშვებულ გოლს უკვე მესამე წუთისთვის გადაურჩა, როდესაც კარში ჯერ სტევენ ბერგჰუი ურტყამდა, შემდეგ კი - სემ ლარსონი. პირველის დარტყმული ხოსე პერალესმა მოიგერია, მეორემ კი ახლო მანძლიდან კარს ზემოდან გადააცილა.

მასპინძლების პირველი იერიში

როტერდამელთა იერიშები ამის მერეც გაგრძელდა, დინამო კი პრაქტიკულად საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვა. მე-13 წუთისთვის თბილისელთა მეკარემ კარის გადარჩენა ჰაპსის სახიფათო დარტყმის შემდეგ ნახტომში მოახერხა.

პერალესის სეივი

დინამომ ფეიენოორდისთვის პასუხის გაცემა მხოლოდ 22-ე წუთისთვის შეძლო. კუთხურის შემდეგ გამოვარდნილ ბურთს პირველმა ლევან შენგელიამ მიუსწო და შორიდან ძლიერად დაარტყა. მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა.

ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ფეიენოორდი დროებით დაცხრა, დინამომ კი ცოტა ხნით ბურთს დაჭერაც შეძლო. ეს იყო და შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილ სინისტერას შეეძლო გატანა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა. 

სამწუხაროდ, 20 წლის კოლუმბიელმა გოლი მოგვიანეით მაინც გაგვიტანა და ეს ტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე მოახერხა. მასპინძელთა იერიში კარგა ხანს გაგრძელდა, დინამოელებმა კი ბურთი ვერაფრით ამოიტანეს. ფეიენოორდის მრავალფაზიანი შეტევა საბოლოოდ ლუის სენისტერამ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით დაასრულა.

1:0 სენისტერა 43'

მეორე ტაიმიც ფეიენოორდის კარნახით წარიმართა, თუმცა პერალესის კარზე წნეხი შესამჩნევად ნაკლები იყო და შიგადაშიგ, თბილისელებიც ახერხებდნენ მეტოქის ნახევარზე კომბინაციურ თამაშს. 

62-ე წუთზე დინამომ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ ფეიენოორდის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დაასრულა. მასპინძელთა მეკარე ამჯერადაც ადგილზე დახვდა ბურთს.

კუხიანიძის დარტყმა

გაცილებით დიდი ჯაფა ვერმეერს ნოდარ ქავთარაძის დარტყმის შემდეგ დაადგა. როტერდამელთა მეკარემ ნახტომში გაჭირვებით მოახერხა ბურთის მოგერიება.

ქავთარაძის სახიფათო დარტყმა

თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი დინამო კაცნაკლული დარჩა და ამის შემდეგ ყველაფერი აირია. აკაკი შულაიამ ზედიზედ მეორე ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და მოედანი დატოვა.

შედეგად, თბილისელთა კარში მეორე გოლიც გავიდა - როტერდამელებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, დავით კობოურმა კი ბურთი თავით საკუთარ კარში შეაგდო.

2:0 კობოურის ავტოგოლი (82') 

ათკაციანი დინამო მოიშალა და სულ მალე პერალესის კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. ბურთი ხელზე მონხილს მოხვდა, ბერგჰუისმა კი პენალტიდან შეაგდო.

3:0 ბერგჰუისი (პენ. 85')

შემდეგ უკვე იყო ფეიენოორდის ეფექტური შეტევა, ლარსონის ფინტი, გამჭოლი პასი დინამოელთა საჯარიმოში და ნარსინგხის გოლი ერთი შეხებით.

4:0 ნარსინგხი (88')

"დე კუიპზე" თამაში ასეც დასრულდა - 4:0. ფელის ვისენტეს გუნდი ფეიენოორდთან საპასუხო შეხვედრას 15 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებს და სამწუხაროდ, გულშემატკივრების გარეშე. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ როტერდამულ მატჩამდე გავრცელდა, რომლის თანახმად, უეფამ ქართული კლუბი აზერბაიჯანულ გაბალასთან შეხვედრაში გულშემატკივრების მხრიდან რასისტული გამოხდომების გამო დასაჯა. დინამო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.  

ფეიენოორდი 4:0 დინამო

გოლი: 1:0 სენისტერა (43'), 2:0 კობოური (82' ავტოგოლი), 3:0 ბერგჰუისი (85'), 4:0 ნარსინგხი (88').

გაძევება: შულაია (79'). 

ფეიენოორდი (4-3-3): ვერმეერი - ნივკოოპი (46' გერტრეიდა), ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი - კეკჯუ, ტაპია (77' ბურგერი), ფერი - სინისტერა (72' ნარსინგხი), ბერგჰუისი, ლარსონი. 

დინამო (4-3-3): პერალესი - რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე - კუხიანიძე (77' ქარდავა), პაპავა, ნინუა - შენგელია (46' შენგელია), კუტალია, ქავთარაძე (87' კარიკარი).

კომენტარები

ბოლო ამბები