Thumbnail

პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონი ლივერპულის და ნორვიჩ სიტის მატჩით დაიწყება. ლივერპულის და სიტის ლიგაში ბოლო წლების ჰეგემონიასთან დაპირისპირებას, იუნაიტედმა და ჩელსიმ თავიანთი ლეგენდების, ქარიზმატული მწვრთნელების დანიშვნით უპასუხეს და ფსონი არა იმდენად სპორტული-სათამაშო სტანდარტების გამოსწორებაზე, არამედ ემოციურ ფონზე გააკეთეს.

შარშან იუნაიტედის მაგალითზე ვნახეთ, რომ ეს რაღაც დონეზე ამართლებს, თუმცა მთელი სეზონი რომ ხასიათზე დამოკიდებული ვერ იქნები, ამას ოლე გუნარ სულშერი სულ რაღაც 3 თვეში მიხვდა.

პოჩეტინოს სპურსი ხასიათზე დამოკიდებული არ არის, ტაქტიკურად ძლიერი, გამართული გუნდია, თუმცა ნაკლები რესურსით, ვიდრე გვარდიოლას და კლოპის გუნდები. პოჩეტინოს ეგონა, რომ ახალი სტადიონის დასრულებას, გუნდის საკადრო გაძლერებაც მოჰყვებოდა - ისეთი, რომ პირველ-მეორე ადგილოსნებთან შანსი ჰქონოდა, მაგრამ გუნდში დიდად არაფერი შეცვლილა.

1. მანჩესტერ სიტი - შარშანდელი გუნდი, იგივე მიზნებით!

როგორც ინგლისის სუპერთასზე ვნახეთ, მანჩესტერ სიტი სეზონს ისევ ძლიერი ფორმით, უკეთესი შემადგენლობითა და მშვენიერი განწყობით ხვდება. ქომუნითი შილდზე, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი მეტოქის - ლივერპულის დამარცხება, მანკუნიანელებისთვის საკუთარ თავში დარწმუნების კარგი მტკიცებულება იყო.

ჩიკი ბეგირისტანის და ფერან სორიანოს კაბინეტმა წელს სატრანსფერო ბაზარზე, სიტის სტანდარტებისთვის მოკრძალებულად იმუშავა. გვარდიოლა, როგორც ჩანს, შეწუხდა დაცვის ხაზში ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ საყრდენი ფაბიან დელფის დაყენებით, უკრაინელი თინეიჯერი ზინჩენკოს თამაშით, მუდამ ტრავმირებული დანილოთი და მენდით...

შედეგად კატალონიელმა დელფი და დანილო გუნდიდან გაუშვა, ზინჩენკო და მენდი რჩებიან, თუმცა ორი განაპირა მცველი - ანხელინიო და კანსელო სპორტული დირექტორების კაბინეტს მაინც მოაყვანინა. განაპირა მცველების გარდა, გუნდში მოვიდნენ ამერიკელი მეკარე - ზაკ სტეფანი და წელს სიტის ალბათ მთავარი შენაძენი - როდრი, რომელიც ადგილს ნახევარდაცვის ცენტრში დაიკავებს.

როდრი საყრდენი ზონის სიღრმეში მორბენალი ფეხბურთელია. იცის ართმევა. როგორც ესპანელს, პასიც კარგი აქვს და მეორე ბურთზე თავითაც კარგად თამაშობს. დიეგო სიმეონეს ხელში გაზრდილი როდრი, ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, უკვე ასაკში და არცთუ კარგ ფორმაში მყოფ ფერნანდინიოს შეცვლის.

დანილოს და დელფის გარდა, სიტი გუნდის კაპიტანმა - ვენსან კომპანიმაც დატოვა. ვეტერანი ბელგიელის სახით სიტიმ გასახდელის ლიდერი, კლუბის სიმბოლო და 192 სმ სიმაღლის გიგანტი დაკარგა, რომელიც გვარდიოლას "დაბალი გუნდის" (როგორც თვითონ უწოდებს) თამაშს სტანდარტულებზე კარგად აბალანსებდა.

კომპანის შემცვლელად არავინ მოსულა, მაგუაირი და მისი ფასი სიტის ახალ სატრანსფერო პოლიტიკაში არ ჯდება. შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, გვარდიოლას დაცვის ცენტრში ისევ ფერნანდინიოს იმედი აქვს, ან როდრის, რომელსაც ასევე შეუძლია ცენტრალურ მცველად თამაში.

2. ლივერპული - ბოლო ტრიუმფიდან 30 წელი გადის, ქალაქი პრემიერლიგას ითხოვს!​

ლივერპულმა შარშან პრემიერლიგის ისტორიაში ალბათ საუკეთესო სეზონი ჩაატარა, მაგრამ ბოლოს მაინც მეორე ადგილი დაიკავა. მერსისაიდელებმა შიდა ჩემპიონატის საოცარ კამპანიას, ევროპული ტრიუმფიც დაუმატეს და ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგეს, ხოლო ლიგის ფინალი ზედიზედ მეორედ ითამაშეს.

სწორედ ამიტომ, იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ გუნდში ძირეული ცვლილებები, ახალი დიდი სახელები და დამატებით დიდი თანხის დახარჯვა საჭირო არ არის. შარშან კარგად დახარჯეს -  ინგლისში ყველაზე მეტი და წელს იგივეს გამეორების საჭიროება ნამდვილად არ იყო.

გუნდის დაცვა ზვოლედან მოყვანილი ჰოლანდიის ასაკობრივი ნაკრების წევრით - სეპ ვან დენ ბერგით გაძლიერდა. წინ 16 წლის თინეიჯერი ჩამოიყვანეს ფულემიდან - ჰარვი ელიოტი, ფლანგის შემტევი, რომელიც ამხანაგურებში გამოჩნდა, რომ ზუსტად ამ ლივერპულის ყაიდის ფეხბურთელია - ბურთის თრევა, წინ პრესინგი, კარგი დარტყმა და სისწრაფე აქვს. ხოლო ბოლო ტრანსფერი სიმონ მინიოლეს ნაცვლად ვესტ ჰემიდან გადმოსული ესპანელი სათადარიგო მეკარე - ადრიანი აღმოჩნდა.

თუმცა, ახალწვეულების გარდა, გუნდი დიდი ხნით ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნებითაც გაძლიერდა - ალექსანდრ ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რაიან ბრუსტერი და ჯო გომესი სრულ მზადყოფნაში არიან. ოქსლეიდ-ჩემბერლენი 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაშავების დროს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფიგურა გახლდათ, ხოლო ჯო გომესის ადგილი განვლილ სეზონში ჯოელ მატიპს ეკავა.

კლოპი შეიძლება კონტინენტის ჩემპიონია, თუმცა ქალაქში ქვეყნის ჩემპიონობის უკანასკნელ ზეიმს 2019/20 წლების სეზონის ბოლოს 30 წელი შეუსრულდება, რაც ლივერპულში ყველამ კარგად იცის და მთავარი მოთხოვნაც ეს არის - პრემიერლიგის მოგება! მაისში კლოპი ამბობდა, რომ გვარდიოლამ ლიგის მოგება ასეთი ტექსტით მიულოცა: "დამირეკა და მომილოცა, ერთმანეთს შევპირდით, რომ მომავალ სეზონში ბოლო ტურამდე ისევ თავების მტვრევა გვექნება!"

ჰოდა, ეს "თავების მტვრევა" ენფილდზე პარასკევს, ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატის - ნორვიჩ სიტის წინააღმდეგ მატჩით დაიწყება. ახსოვს თუ არა ლივერპულს, შარშანდელივით, პატარა გუნდებთან მარტივად ქულების აღება, ამას სწორედ ნორფოლკელებთან მატჩში ვნახავთ.

3. ტოტენჰემ ჰოთსპური - ისევ უკმაყოფილო პოჩი და 3 ახალი კაცი...

გასული სეზონი ტოტენჰემისთვის ემოციური გამოდგა. კლუბმა არსებობის ისტორიაში ახალ სიმაღლეებს მიაღწია - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა! როდესაც ხუმრობდნენ, რომ სპურსი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის სივრცეში გაჭედილი გუნდია (მთელი ისტორიის მანძილზე არც გრანდია, არც აუტსაიდერი), შარშან როსარიოდან ჩამოსულმა მაურისიო პოჩეტინომ ჩრდილოეთ ლონდონში ეს რეალობა შეცვალა.

სპურსი წინ მიდის, ვითარდება, შარშან კლუბმა "გრანდობისკენ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეს კლუბის სპორტული რესურსების შემცირების ხარჯზე მოხდა, რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასე გამოიყურება - კლუბს წელიწადნახევარი ტრანსფერი არ განუხორციელებია. პოჩეტინომ უტრანსფერო გუნდი ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ იმ იმედით, რომ რაღაცა შეიცვლებოდა...

თუმცა სულ ტყუილად, დიდად არაფერი შეცვლილა - გუნდში ლიონიდან საყრდენი ნდომბელე მოვიდა, რომელიც კლუბის სარეკორდო შენაძენია. ასევე დაიმატეს ფულემიდან რაიან სესენონი (შარშანაც უნდოდათ), თუმცა უნიჭიერესი ახალგაზრდის რეპუტაცია შარშან ფულემში ჩატარებული ცუდი სეზონით შეირყა. აქაც პოტენციალის გახსნასთან გვაქს საქმე, რაც ან მოხდება, ან არა... და ბოლოს, მოედნის ცენტრს ნდომბელეს გარდა, ბეტისიდან განათხოვრების წესით გადმოსული ჯოვანი ლო სელსო გააძლიერებს, რომელსაც საყრდენ ზონაშიც შუეუძლია თამაში და ოდნავ წინ, ერიკსენის ადგილზეც.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მადრიდში წაგებული ფინალის შემდეგ, პოჩეტინო ბარსელონაში გაფრინდა, საკუთარ ბინაში გამოიკეტა და ორი კვირა გარეთ არ გასულა. "მთელი ოჯახი მე მამხნევებდა", - ამბობდა პოჩი, რომლის დეპრესიულ ზაფხულს გუნდიდან კირან ტრიპიეს ატლეტიკოში გაშვებაც დაემატა, რაც დიდი ალბათობით, მას ასევე არ ჰკითხეს. ან ჰკითხეს, მაგრამ გუნდის საბჭომ, დენიელ ლევის მეთაურობით, სხვაგვარად გადაწყვიტა.

სპურსის ქაოტურ სატრანსფერო ფანჯარას, რომელსაც ფონად "ტოტენჰემი დიბალას ყიდულობს" გასდევდა, ლიდს იუნაიტედის ჯეკ კლარკი დაემატა. ინგლისელ თინეიჯერში 10 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, მაგრამ 2020 წლის ზაფხულამდე ისევ ლიდსში დატოვეს და მთავარი ამბავი - კრისტიან ერიკსენის საგა, დღემდე გრძელდება. სად მიდის დანიელი არავინ იცის. ახლა მხოლოდ ისღა დარჩა, რომ სასურველმა გუნდმა ერიკსენი განათხოვრების წესით დაიმატოს და ზამთარში სრული ტრანსფერი შედგეს.

ტოტენჰემში ძირეული საკადრო ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა ბოლო 2 წლის მანძილზე ყოველკვირა გადამწვარ, ტრავმებისგან დატანჯულ, ერთსა და იმავე შემადგენლობას, ნდომბელე-ლო სელსო-სესენონის ტრიო მაინც გააძლიერებს. განსაკუთრებით ეს მოედნის ცენტრზე აისახება - გუნდის იმ ნაწილზე, რომელიც პოჩეტინოს ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მძლავრი იარაღია.

4. ჩელსი - ბევრი ბავშვი, ცოტა მცველი - ლონდონში სუპერ ფრენკის სეზონი იწყება!

გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ჩელსი წელს ტრანსფერს ვერ გააკეთებს, თუმცა ფიფადან წამოსული ეს სამწუხარო უწყება, გუნდში კლუბის ლეგენდის - ფრენკ ლამპარდის დაბრუნებამ გადაფარა. "სუპერ ფრენკი" ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრის მაცხოვრებლებს ძალიან უყვართ - ნახევარდაცვიდან 211 გოლი აქვს გატანილი და გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია!

თუმცა შარშან ვნახეთ, რომ "რიბაუნდების" და "დედ ბოლების" მეფეს კარგი სამწვრთნელო ნიჭიც აღმოაჩნდა - საქმე ჩრდილოეთით, დერბიშირში დაიწყო და პროვინციული დერბი გამოაცოცხლა. ბილი დევისის შემდეგ, პრაიდ პარკზე ასეთი ფეხბურთი დიდი ხანი ნანახი არ ჰქონდათ.

ლამპარდმა ეს ახალგაზრდების და გამოცდილი კადრების იდეალური სინთეზის წყალობით შეძლო - ჰარი უილსონი და მეისონ მაუნთი, კურტის დევისის და რიჩარდ კიოს გვერდით ათამაშა; სამწვრთნელო შტაბში ჩელსის რეზერვების ყოფილი მწვრთნელი და მისი ძმაკაცი - ჯოდი მორისი მიიწვია და საბოლოოდ მშვენიერი ფეხბურთით, პლეი ოფი ითამაშა. მალე სახლიდან დაურეკეს და დღეს ჩელსის მწვრთნელია.

პლეი ოფი ლამპარდმა ასტონ ვილასთან წააგო. კერძოდ, მიდლენდელების საუკეთესო ფეხბურთელთან - ტამი აბრაჰამთან, რომელიც ვილაში ჩელსიდან იყო განათხოვრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონშიფის ბომბარდირი დღეს უკვე ლამპარდის ხელშია. აბრაჰამის გარდა, გუნდში დაბრუნდა შარშან მასთან დერბიში მოთამაშე, ინგლისის ასაკობრივი გუნდების ვარსკვლავი მეისონ მაუნთიც.

სატრანსფერო ბანის პირობებში, კლუბმა იანვარში რეალიდან განათხოვრების წესით მოსული მატეო კოვაჩიჩის დამატება გადაწყვიტა. ჩელსის ზაფხულში შეუერთდა ასევე იანვარში ნაყიდი კრისტიან პულიშიჩიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერცერთი მათგანი შეცვლის ჩელსის მესის - ედენ აზარს, რომელიც კარიერას მადრიდის რეალში განაგრძობს.

აზარის გარდა, გუნდიდან წავიდნენ ერთ დროს ჩელსის სიმბოლო ცენტრალური მცველები - დავიდ ლუისი (არსენალი) და გარი კეჰილი (კრისტალ პალასი), რაც ბუნებრივია, ცენტრალური მცველის პრობლემას ქმნის. ევერტონიდან კურტ ზუმა დაბრუნდა და ლამპარდსაც ზუმა-კრისტენსენი-რუდიგერის ტრიოდან მოუწევს დაცვის ცენტრის დაკომპლექტება. "ზუმა - რატომაც არა? - თქვა მოურინიომ, როდესაც ამ პრობლემაზე ჰკითხეს. - ჩელსიში თამაშის გამოცდილებაც აქვს (71 მატჩი) და საფრანგეთის ნაკრების კანდიდატია".

5. მანჩესტერ იუნაიტედი - გადაჭრის ერთი მაგუაირი იუნაიტედის ყველა პრობლემას?

მთელი ზაფხული ინტერნეტმემედ ქცეული მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო პოლიტიკა, რამდენიმე დღის წინ, ლესტერიდან ჰარი მაგუაირის მოსვლამ ცოტა გამოაკეთა. ინგლისის ნაკრების წევრი, იუნაიტედმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცია და ამ მხრივ რიო ფერდინანდის, ვირჯილ ვან დაიკის და სხვა დიდი მცველების გვერდით მიუჩინა ადგილი.

როგორ მოერგება მაგუაირი იუნაიტედს და ექნება თუ არა მას ისეთივე გავლენა გუნდზე, როგორიც ლივერპულში ვირჯილ ვან დაიკის გამოჩენას ჰქონდა - ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. თუმცა კლუბს რომ დაცვის ცენტრში ვინმე სჭირდებოდა, ამას ბოლოს თვით გუნდის დირექტორი ედ ვუდვარდიც კი მიხვდა.

მაგუაირის გარდა, დაცვის ხაზში მარჯვენა ფლანგზე ადგილს კრისტალ პალასის საკმაოდ საიმედო კაცი - აარონ ვან-ბისაკა დაიკავებს და სიბერეში გამცველებული ანტონიო ვალენსიას ეპოქაც აქ დასრულდა, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ეკვადორის კიტოში ითამაშებს.

"ფერგის" მერე იუნაიტედიდან გაშვებული ყველა მწვრთნელი ამბობს, რომ ედ ვუდვარდმა ფეხბურთი არ იცის, გადაწყვეტილებებს აგვიანებს და რომ ასეთი ამბიციების გუნდს ფინანსისტი არ უნდა მართავდეს. გადავხედოთ გუნდის წინა ხაზს - ლუკაკუ წავიდა (მთავარი ფორვარდი), მოვიდა დენილ ჯეიმსი - ახალგაზრდა ფლანგის შემტევი, რომელიც თამაშს, დიდი ალბათობით, სკამიდან დაიწყებს.

ვინ დარჩა წინ? მარკუს რაშფორდი, რომელიც შეტევის დაბოლოვებაში არცთუ საიმედოა (ბევრს აცილებს), ანტონი მარსიალი, რომელიც ყველა მწვრთნელის ხელში ერთნაირად არასტაბილურია და ალექსის სანჩესი, რომელსაც რა მომავალი აქვს იუნაიტედში, ძნელი სათქმელია.

თუ ჩელსი სატრანსფერო ბანის პირობებში სეზონს ცენტრალური მცველის პრობლემით ხვდება, იუნაიტედს ეს პრობლემა თავდასხმის ხაზში აქვს - ვუდვარდმა მთელი ზაფხული პაოლო დიბალას შესახებ მოლაპარაკებებს დაუთმო, საბოლოოდ კი არც დიბალას ამბავი გამოვიდა და საკმაოდ ტრავმიანი რაშფორდის დაშავების შემთხვევაში, გუნდი წინ რეზერვის ბავშვების იმედზე რჩება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები