Thumbnail

პაულო დიბალაზე მოლაპარაკება დასრულებულია - სად ითამაშებს არგენტინელი?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი ალბათ ისევ იუვენტუსში ითამაშებს
  • ტურინულმა კლუბმა და ლონდონის ტოტენჰემმა ტრანსფერზე ვერ მოილაპარაკეს
  • ინგლისის პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ამაღამ იხურება

როგორც ჩანს, არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი პაულო დიბალა მომავალ სეზონსაც ტურინის იუვენტუსში გაატარებს. 25 წლის ფეხბურთელის ლონდონის ტოტენჰემში ტრანსფერი ჩაიშალა.

როგორც BBC Sport-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იუწყება, ტურინულმა კლუბმა უარი თქვა დიბალას გაყიდვაზე. მანამდე არგენტინელისთვის ბრძოლას მანჩესტერ იუნაიტედი ჩამოშორდა, რისი მიზეზიც თავად მოთამაშის მოთხოვნა გახდა მაღალ ხელფასზე.

ტოტენჰემში დიბალას არშემადგარი ტრანსფერის შესახებ იუწყება Sky Sport Italia-ს ინსაიდერი ფაბრიციო ტომანოც. მისი ცნობით, კლუბებმა უკვე დაასრულეს მოლაპარაკებები, შეთანხმების მიღწევა კი ფეხბურთელის საიმიჯო უფლებთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდში თანამემამულის მიწვევა არ გამოუვიდა

ინგლისის პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს ღამით იხურება. 

მანამდე იუწყებოდნენ, რომ ტოტენჰემში გადაბარგების დიდი სურვილი არც თავად არგენტინელ ფეხბურთელს ჰქონდა, ტურინელებს კი ფეხბუთელში 70 მილიონი ევროს მიღება სურდათ. 

პაულო დიბალას გადაბირების კიდევ ერთი მსურველი პარი სენ-ჟერმენია. დაიწერა, რომ საფრანგეთის ჩემპიონები არგენტინელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდაზე არიან თანახმა.

გასულ სეზონში პაულო დიბალამ ტურინის იუვენტუსის მაისურით ყველა ტურნირის 42 მატჩში ითამაშა. არგენტინელი ფორვარდის ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე პასი იყო. თავდამსხმელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები