Thumbnail
  • დღეს, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა იხურება
  • კლუბებმა სასურველი ფეხბურთელების შეძენა უნდა მოასწრონ
  • რა ტრანსფერებს ველოდებით ბოლო დღეს პრემიერლიგაში

დღეს, ინგლისურ პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. პირველად ისტორიაში, ინგლისური კლუბები შეთანხმდნენ, რომ სატრანსფერო ფანჯარა სეზონის სტარტამდე დახურონ - მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილების შემდეგ, მათ გუნდის დასაკომპლექტებლად ბევრად უფრო ნაკლები დრო აქვთ. ეს  გარანტირებულად გვპირდება ბევრ ცხელ ამბავს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს. 5 მთავარი კითხვა პრემიერლიგის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ.

1. იყიდის თუ არა არსენალი მცველს?

გასულ სეზონში, არსენალმა კატასტროფულად ბევრი, 51 გოლი გაუშვა, რაც თამაშში თითქმის 1.5 გაშვებულ გოლს უდრის. ამის შემდეგ, არსენალის დაცვა თითქოს კიდევ უფრო დასუსტდა. გუნდიდან ლორან კოშენლი წავიდა, მის ნაცვლად კი 18 წლის უილიამ სალივა მოვიდა სენტ ეტიენიდან. მოცემულ მომენტში უნაი ემერის განკარგულებაში დაცვის ცენტრში მხოლოდ სოკრატისი, მუსტაფი და რობ ჰოლდინგი არიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ემერის ხშირად ერთდროულად სამი ცენტრალური მცველით თამაში უყვარს. არსენალისთის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მცველის შეძენას, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონელებს ძალიან შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ (პრესის ცნობით 45 მილიონი მთელი სატრანსფერო ფანჯარისთვის), რთული ამოცანა უნდა იყოს. 

არსენალის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის მცველი სჭირდება

ყველაზე რეალური იუვენტუსიდან დანიელე რუგანის ტრანსფერი უნდა იყოს. რუგანი 40 მილიონამდე ღირს, თუმცა არსენალი მას ჯერ ითხოვებს, ორი წლის შემდეგ კი გამოისყიდის. ლონდონში წასვლა რუგანისაც უნდა - გუნდში დე ლიხტის მისვლის შემდეგ მისი ისედაც მცირე სათამაშო დრო ტურინში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება.

არსენალისთვის კიდევ ერთი ვარიანტი დავიდ ლუისის შესაძლო ტრანსფერია. ბრაზილიელმა ყველასთვის მოუოლოდნელად ჩელსის ხელმძღვანელობას არსენალში გაშვება თხოვა, არადა ჩელსი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ლუისის მოტივაცია უცნობიამ, თუმცა ის ერთხელ უკვე წავიდა ჩელსიდან ასე მოულოდნელად. ბრაზილიელსა და არსენალს პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვთ, თუმცა, უცნობია, რამდენად დათანხმდება ჩელსი თავისი კონკურენტის რიგებში გაუშვას დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც გასულ წელს ყველა თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში, მით უმეტეს, რომ მათ ლუისის შემცვლელის მოსაძებნად დრო აღარ რჩებათ.

2. გადავა დიბალა ტოტენჰემში? 

იუვენტუსი თანახმაა, პაულო დიბალას შეელიოს და ტოტენჰემთან სატრანსფერო თანხა უკვე შეათანხმა. თუმცა, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ მანჩესტერ იუნაიტედის შემთხვევაში, მთავარი პრობლემა აქ თავად დიბალას სურვილია. არგენტინელს იუნაიტედში წასვლა არ სურდა.

ტოტენჰემს მანჩესტერზე მეტი შანსი აქვს - ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობენ და მათ დიბალას თანამემამულე მაურისიო პოჩეტინო წვრთნის. ამის მიუხედავად, იტალიური პრესა წერს, რომ დიბალას მაინაცადამაინც არც ტოტენჰემის ვარიანტი ხიბლავს. მას ან პარი სენ ჟერმენში წასვლა უნდა, ან ტურინში დარჩენა. დღეს ვნახავთ, რას გადაწყვეტს არგენტინელი.

3. რას გადაწყვეტს კრისტიან ერიკსენი?

კრისტიან ერიკსენს ტოტენჰემიდან წასვლა უნდა. ამის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა, მას შემდეგ, რაც პოჩეტინოს გუნდმა 65 მილიონად ჯოვანი ლო სელსო იყიდა. თუმცა, ლონდონელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დანიელი გუნდში დატოვონ.

მისი ხილვა მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს, თუმცა ძალიან მცირეა ალბათობა იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს იუნაიტედი ერიკსენის ტრანსფერს გაინაღდებს. თუ დანიელი გუნდიდან წავა, ყველაზე მეტი შანსი, მადრიდის რეალს ექნება.

4. იყიდის სიტი ახალ მცველს?

ვენსან კომპანის წასვლის შემდეგ, პეპ გვარდიოლას კიდევ ერთი მცველი სჭირდება. მხოლოდ ლაპორტი-სტოუნსი-ოტამენდის ტრიოს იმედად გვარდიოლას დარჩენა არ სურს. ჩვეულებრივ, სტანდარტია, რომ გუნდი სეზონს ოთხი ცენტრალური მცველით მაინც შეხვდეს, სიტის კი მხოლოდ სამი ჰყავს. პოტენციური ტრამვების შემთხვევაში ეს შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს.

სიტის ფინანსური ფეარ ფლეის გამო დიდი თანხების დახარჯვა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ თქვეს უარი მალევე ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს სიტი შეეცდება, თუ მოახერხებს,  სათადარიგო მცველი იაფად შეიძინოს. დაცვის მარჯვენა ფლანგი კი სიტიმ უკვე გააძლირა - გვარდიოლამ იუვენტუსის პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ჟოაო კანსელო მიიღო.

5. ხმაურიანი ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედისგან?

ყველაზე მეტად გაძლიერება ინგლისური გრანდებიდან მანჩესტერ იუნაიტედს სჭირდება. ჰარი მაგუაირის ტრანსფერის შემდეგ გამორიცხული არ არის, რომ მანჩესტერელებმა წინა ან შუა ხაზშიც ეცადონ გუნდის გაძლიერება. როგორც იქნა, დასრულდა რომელუ ლუკაკუს საგა და ბელგიელი ინტერში მიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ იუნაიტედს ერთი პოზიცია შეტევაშიც გამოუთავისუფლდა და ბიუჯეტში სულ მცირე ლუკაკუს ნაცვლად მიღებული 80 მილიონი აქვს. ლუკაკუს შემცვლელად გამორიცხული არ არის მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერი. მასთან პირადი კონტრაქტი იუნაიტედს უკვე შეთანხმებული აქვს. იდეალურ სცენარად კი კრისტიან ერიკსენის ტრანსფერი რჩება, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს ძალიან რთულად განსახორციელებელი შეთანხმება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები