Thumbnail

რეალი გააქტიურდა - 120 მილიონი ევრო და ლუკა მოდრიჩი ნეიმარის სანაცვლოდ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის თავდამსხმელი სულ მალე შეიძლება მადრიდის რეალში აღმოჩნდეს
  • პერესი ბრაზილიელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს და მოდრიჩს თმობს

მადრიდის რეალში ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი კვლავ აქტუალურია. როგორც ესპანური მედიიდან ირკვევა, “სამეფო კლუბი” პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ფორვარდის გადაბირების საკითხზე აქტიურად მუშაობს და საკმაოდ მაღალია ალბათობა, უახლოეს დღეებში ტრანსფერი განხორციელდეს კიდეც.

მადრიდელების მორიგი შეთავაზება ფრანგული კლუბისთვის საინტერესო ჩანს - რეალი მზადაა პსჟ-ს ბრაზილიელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაუხადოს და პლუს, ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაუთმოს. მთლიანობაში, გარიგება 180 მილიონ ევროდ ფასდება.

ოქროს ბურთის მფლობელი ხორვატი პარიზში შესაძლოა აღმოჩნდეს

იუწყებიან, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ნეიმარის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა, საუბარი კი ფეხბურთელისთვის 5-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებაზეა.

პარი სენ-ჟერმენიდან ნეიმარის წასვლის შესახებ ხმები დიდი ხანია ვრცელდება, 27 წლის ბრაზილიელის მთავარ პრეტენდენტად კი მისი ყოფილი კლუბი, ბარსელონა სახელდებოდა, მაგრამ პარიზელებსა და კატალონიელებს შორის გარიგება ვერ შედგა.

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში, ბარსელონადან 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ფეხბურთის ისტორიაში უძვირფასესი მოთამაშე გახდა. 2018/19 წლების სეზონში ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომელსაც პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს, კლუბის 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 23 გოლი და მიითვალა 13 შედეგიანი პასი.

ნეიმარმა ამ ზაფხულს მის სამშობლოში გამართული კოპა ამერიკა ტრავმის გამო გამოტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები