Thumbnail
  • იუვენტუსი 7:0 სასუოლო.
  • 1:0 ალექს სანდრო (9), 2:0 ხედირა (24), 3:0 ხედირა (27), 4:0 პიანიჩი (38), 5:0 იგუაინი (63), 6:0 იგუაინი (74), 7:0 იგუაინი (83).
  • მილანმა უდინეში 2 ქულა დაკარგა.
  • ნაპოლიმ ბენევენტო დაამარცხა და ლიდერობას ინარჩუნებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსმა სასუოლოსთან საშინაო დავალება ადვილად შეასრულა. ტურინულმა გრანდმა სუსტ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 7:0 გაანადგურა. იუვესთვის ეს მატჩი ფაქტობრივად ვარჯიში გამოვიდა - მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს, 38-ე წუთზე უკვე 4:0 იყო.

მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსს პაულო დიბალას სახით მთავარი ვარსკვლავი აკლია (არგენტინელი ტრავმირებულია) და სასუოლოსთან ტრავმების გამო ვერც ხუან კუადრადომ და დუგლას კოშტამ ითამაშეს, ტურინელებს წარმატების მიღწევა მაინც არ გაუჭირდათ. ალეგრიმ 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია და წინა ხაზზე ბერნარდესკი-იგუაინი-მანჯუკიჩის ტრიო გაამწესა.

ანგარიში ალექს სანდრომ მალევე გახსნა, რასაც სამი ხედირას დუბლი მოჰყვა (3-წუთიან ინერტვალში; გერმანელის მე-5 და მე-6 გოლები მიმდინარე სეზონში). 38-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა შესანიშნავი შორეული დარტყმით იუვეს 4-ბურთიანი უპირატესობა სრულყო. მეორე ტაიმი კი მთლიანად გონსალო იგუაინის საკუთრება გახდა - ტურინელთა არგენტინელმა გოლეადორმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამ სეზონში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი. იგუაინს განსაკუთრებით ლამაზი პირველი გოლი გამოუვიდა.

მილანის ფრე უდინეში

ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ მილანმა უდინეში ორი ქულა დაკარგა. ჯენარო გატუზოს შეგირდები სუსოს მიერ მე-9 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ 68-ე წუთიდან მოედანზე 10 კაცით დარჩნენ (კალაბრია გააძევეს) და 76-ე წუთზე უდინეზემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო - ჯანლუიჯი დონარუმას ავტოგოლით…

აი, როგორ აღნიშნეს მილანთან ფრე უდინეზეს ფეხბურთელებმა: 

ფლორენციის ფიორენტინამ ბოლონიაში 2:1 მოიგო - გამარჯვების გოლი ენრიკო კიეზას შვილის, ფედერიკო კიეზას ანგარიშზეა.

ბერგამოს ატალანტამ ჯანლუკა მანჩინის გოლით კიევო 1:0 დაამარცხა.

ნაპოლიმ აუტსაიდერ ბენევენტოს მერტენსის და ჰამშიკის გოლებით 2:0 მოუგო - სარის გუნდი ლიდერობას ინარჩუნებს.

► იკარდის გარეშე - ინტერმა ზედიზედ მეოთხე 1:1 ითამაშა

► როგორც იქნა: რომამ მოიგო! დი ფრანჩესკო 20 წლის თურქმა იხსნა

კომენტარები

ბოლო ამბები