- ხოსეპ გვარდიოლამ სასურველი მარჯვენა მცველი მიიღო
- სიტის ჟოაო კანსელო 65 მილიონი ევრო დაუჯდა
- იუვემ მანჩესტერული კლუბიდან ბრაზილიელი წაიყვანა
როგორც მოსალოდნელი იყო, ტურინის იუვენტუსმა და მანჩესტერ სიტიმ მარჯვენა მცველები გაცვალეს.
ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ჟოაო კანსელოს გადაბირება ძალიან უნდოდა და მიზანს მიაღწია კიდეც: 25 წლის პორტუგალიელმა სიტისთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. მანჩესტერელებმა ტურინელებს კანსელოში 60 მილიონი ფუნტი (65 მილიონი ევრო) გადაუხადეს.
თავის მხრივ, იუვემ სიტის მარჯვენა მცველი, ბრაზილიელი დანილო გადაიბირა. ეს უკანასკნელი 28 წლისაა და, როგორც ჩანს, ტურინელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის სასურველი მოთამაშე იყო. იუვენტუსმა დანილოს სანაცვლოდ 34 მილიონი ფუნტი (37 მილიონი ევრო) გადაიხადა. ბრაზილიელმა იტალიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება.
კომენტარები