Thumbnail
  • ჰარი მაგუაირი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა
  • ღირდა თუ არა მასში 87 მილიონ ევროზე მეტის გადახდა?

წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტრანსფერი ჰარი მაგუაირის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაა. მაგუაირს მანჩესტერში დიდი ხანი ელოდებოდნენ. ვიდიჩი-ფერდინანდის წყვილის წასვლის შემდეგ, იუნაიტედში მსოფლიო კლასის მცველს აღარ უთამაშია და ცენტრალური მცველის პოზიცია მანჩესტერელთათვის პრობლემური იყო.

შარშანდელი სეზონის სტარტზე, იუნაიტედში ოლე გუნარ სულშერის მისვლამდე, ჟოზე მოურინიომ დაცვის ცენტრში 10 სხვადასხვა წყვილი მოსინჯა და ეს იმ დროს, როცა, ცენტრალური მცველის პოზიცია ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია - მაგალითად, ვირჯილ ვან დაიკმა ლივერპულში, დავიდ ლუისმა ჩელსიში და იან ვერტონგენმა ტოტენჰემში მთელი სეზონი შეუცვლელად ჩაატარეს.

სულშერი უფრო მეტად ლინდელოფი-სმოლინგის წყვილს ენდობოდა, თუმცა იუნაიტედის დაცვა იდეალურისგან ძალიან შორს იყო. შედეგად, კატასტროფულად ბევრი - 54 გოლი გაუშვა. შედარებისთვის: ლივერპულს 22 გოლი ჰქონდა გაშვებული, სიტის - 23, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ ჩელსის და ტოტენჰემს კი - 39. ბუნებრივია, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაში მაღალი კლასის ცენტრალური მცველის შეძენას იუნაიტედისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

რატომ ჰარი მაგუაირი?

სატრანსფერო ბაზარზე მაღალი კლასის და გამოცდილი ცენტრალური მცველი ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოძებნადი პროდუქტია. შესაბამისად, იუნაიტედს ბევრი არჩევანი არც ჰქონდა. მაგუაირი მანჩესტერელებს, დიდი ხანია, მოსწონდათ. პირველად იგი ჯერ კიდევ 2011 წელს შეამჩნია სერ ალექს ფერგიუსონმა, სრულიად ახალგაზრდა ასაკში.

გარდა ამისა, მაიკ ფელანი, იუნაიტედის ერთ-ერთი მწვრთნელი მაგუაირთან ერთად მუშაობდა ჰალ სიტიში და სწორედ მასთან ერთად ჰქონდა ჰარის დებიუტი პრემიერლიგაში 2016 წელს. ფელანი ლესტერის მცველს, როგორც პროფესიულად, ისე ადამიანურად, ძალიან კარგად ახასიათებდა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რადგან ალექსის სანჩესთან, პოლ პოგბასთან და ანხელ დი მარიასთან გართულებული ურთიერთობების შემდეგ, იუნაიტედი იმ ტიპის ფეხბურთელს ეძებდა, რომელთანაც გუნდი ურთიერთობებს სკანდალისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე ააწყობდა. მაგუაირი კი სწორედ ამ ტიპის მოთამაშეა - მთელი მისი კარიერის მანძილზე სანიმუშო პროფესიონალი, რომელიც მაგალითად, ლესტერის ვარჯიშებს ბოლო დღეებამდე არ აცდენდა, მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედში მისი ტრანსფერი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი იყო.

მაგუაირს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება ჰქონდა და მას ლიგის და სათამაშო სტილის შეცვლის გამო ადაპტაციის პრობლემა არ უნდა ჰქონოდა. სწორედ იუნაიტედში თამაში სურდა თავად მაგუაირსაც, რომელიც ბავშვობის წლებიდან, საყვარელ ფეხბურთელად რიო ფერდინანდს მიიჩნევდა.

რამ განაპირობა სარეკორდო ფასი?

ამ დღეებში ბევრი რამ წავიკითხე იმის შესახებ, თუ რატომ არ ღირს ჰარი მაგუაირი მასში გადახდილი თანხა. ლესტერის მცველი ამდენი, ალბათ მართლაც არ ღირს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, იუნაიტედს მცველი ძალიან სჭირდებოდა, ბაზარზე ცოტა არჩევანი იყო და, ბუნებრივია, ეს გარემოებები, მოლაპარაკებების დროს ლესტერმაც იცოდა. შედეგად, ლესტერი მოთხოვნილ თანხას არ აკლებდა და პრემიერლიგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, იუნაიტედიც იძულებული გახდა, ლესტერის პირობებს დათანხმებოდა. ლესტერს კი სურდა, რომ მაგუაირი ყველაზე ძვირადღირებული მცველი ყოფილიყო და მასში უფრო მეტი თანხა მიეღო, ვიდრე საუთჰემპტონმა ვან დაიკში მიიღო.

იყო სხვა ფაქტორიც - სულ რამდენიმე კვირის წინ, იუნაიტედმა კრისტალ პალასის აარონ იან-ბისაკაში 50 მილიონი გადაიხადა. მის ანგარიშზე პრემიერლიგაში ჩატარებული მხოლოდ 1 სეზონია, მაგუაირს კი 98 პრემიერლიგური თამაში აქვს. შესაბამისად, ლესტერის ლოგიკით, მისი ფასიც ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო.

რატომ არ იქნება მაგუაირი ახალი ვან დაიკი?

პრესაში ბევრს წერენ, რომ მაგუაირის ტრანსფერს მანჩესტერზე ისეთივე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, როგორც ვან დაიკმა ლივერპულზე იქონია. ვან დაიკის მისვლამდე, ლივერპული ძალიან ბევრს უშვებდა, ჰოლანდიელთან ერთად კი კლოპს პრემიერლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს - 38 თამაშში მხოლოდ 22 გაშვებული გოლი.

თუმცა, თუ ლესტერის ახალწვეულის სათამაშო თვისებებს განვიხილავთ, რთული წარმოსადგენია, მან იუნაიტედის თამაში დაცვაში ისევე სწრაფად და რადიკალურად შეცვალოს, როგორც ვან დაიკმა ეს ლივერპულში მოახერხა - მიუხედავად იმისა, რომ ვან დაიკის მსგავსად, სტაისტიკური მაჩვენებლები გასულ სეზონში მასაც ძალიან კარგი ჰქონდა.

პირიქით, მთელი რიგი თვისებებით, მაგუაირი იუნაიტედის სტილს არცთუ ისე იოლად უნდა მოერგოს.

მაგუაირი სიმაღლეში 192 სანტიმეტრია და 100 კილოგრამს იწონის (8 კილოგრამით უფრო მეტს, ვიდრე დაახლოებით მისივე სიმაღლის ვან დაიკი, რაც ბუნებრივია, ამ ორი მოთამაშის სისწრაფეზე აისახება). იგი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გაბარიტული მოთამაშეა და წონით, მთელ ლიგაში, მინდვრის მოთამაშეებს შორის მეორეა. მასზე მეტს მხოლოდ ვეს მორგანი იწონის. ლესტერი თავის თამაშს კონტრშეტევებზე აგებს. ისინი კომპაქტურ დაცვას ანიჭებენ უპირატესობას, თავის საჯარიმოს სიახლოვეს მჭიდროდ დგანან და შესაბამისად, მაგუაირი, თავისი კომპლექტაციიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, თავს ამ ტიპის დაცვაში ძალიან კარგად გრძნობდა. ლესტერი სივრცეებს არ ტოვებს, სივრცის გარეშე, ჰაერში ან მჭიდრო ორთაბრძოლის დროს მასთან უპირატესობის მოპოვება თითქმის შეუძლებელი ამოცანაა.

სხვა საქმეა მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც სეზონის დიდ ნაწილს პირველ ნომრად თამაშობს და, ჩვეულებრივ, მატჩის მნიშვნელოვანი ნაწილის შეტევაში გატარება უწევს. შესაბამისად, მანჩესტერის დაცვა კომპაქტურად არ დგას. მანჩესტერში მაგუაირს ხშირად მოუწევს თავის სივრცეში დაცვა - ამ კომპონენტში კი იგი საუკეთესო ნამდვილად არ არის. თავისი წონიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, იგი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნელი მცველია და ძალიან უჭირს ერთი-ერთზე თამაში. სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებდა ყურადღებას პეპ გვარდიოლა კევინ დე ბრუინთან საუბრის დროს მანჩესტერ სიტის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში.

პეპ გვარდიოლა კევინ დე ბრუინს ლესტერთან მატჩის შესვენებაზე: „მაგუაირის ზონაში შედი ხოლმე, ის სწრაფი არ არის და იქ სივრცეს იპოვი!“

იუნაიტედში კი მაგუაირს ხშირად მოუწევს მეტოქის კონტრშეტევების დროს თავდამსხელების წინააღმდეგ, სწორედ ერთ-ერთზე თამაში.

თუკი ლესტერის დაცვა თავისი კარიდან საშუალოდ 41.6 მეტრის დისტანციაზე იყო განლაგებული, სულშერის დაცვა დაახლოებით 4-5 მეტრით მაღლა დგას ხოლმე - ეს მცველების უკან დამატებით სივრცეს ნიშნავს.

კონკრეტული მაგალითი: ლესტერის ტიპის კომპაქტურ დაცვაში, რომელიც მაგუაირის ძლიერ მხარეებს ეყრდნობოდა, სისუსტეებს კი მალავდა, მაგუაირის წინააღმდეგ, სივრცის გარეშე, მაგალითად, მოჰამედ სალაჰს, ან სერხიო აგუეროს ძალიან გაუჭირდებოდა, თუმცა უფრო მეტ სივრცეში, სადაც ამ ტიპის ფორვარდებს მისი ერთ-ერთზე მოტყუება, ან მის ზურგს უკან გახსნა შეუძლიათ, მაგუაირს შანსი არცთუ ისე დიდი აქვს. იუნაიტედს მოუწევს ამ პრობლემის წინაშე დადგომა. ვან დაიკი პირიქით, ალბათ მსოფლიოში საუკეთესოა ერთ-ერთზე და ღია სივრცეში თამაშში.

რაში გამოადგება მაგუაირი მანჩესტერს?

მაგუაირი მანჩესტერს ძალიან გამოადგება სტანდარტულების დროს. სულშერის გუნდისთვის სტანდარტებზე თავის დაცვა გასულ სეზონში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. მაგუაირი კი ძალიან კარგად თამაშობს თავით და ლესტერი მასთან ერთად სტანდარტებზე ერთ-ერთი საუკეთეს გუნდი იყო.

იგი გადაჭრის მანჩესტერის კიდევ ერთ პრობლემას. კერძოდ, მანჩესტერს ძალიან უჭირდა მეტოქის პრესინგის დროს დაცვიდან პასით ამოსვლა. კრის სმოლინგს და ფილ ჯონსს პირველი პასი საერთოდ არ აქვთ, ხოლო ვიქტორ ლინდელოფი კი პასში საშუალოდ თამაშობს. მაგუაირი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა შეტევის დაწყებაში და ლესტერში ნახევარმცველ მედისონთან ერთად მას ყველაზე მეტი გადაცემა ჰქონდა წინ, ვერტიკალურად, ანუ მასთან ერთად ბურთის წინა ხაზში გადატანა უფრო იოლია.

ამავე დროს, პრობლემების მიუხედავად, ჰარი მაგუაირი უბრალოდ უფრო მაღალი კლასის მცველია, ვიდრე სმოლინგი ან ლინდელოფი. ხარისხობრივად, მანჩესტერის დაცვა აუცილებლად გაძლიერდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ისეთივე ეფექტი ჰქონდეს, როგორც ვან დაიკს ჰქონდა ლივერპულში.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები