Thumbnail
  • იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ფორვარდის მსურველ კლუბზე წერს
  • ემპოლისთან განშორების შემდეგ, 29 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია
  • ლევან მჭედლიძის დამატებით სერია B-ს კლუბია დაინტერესებული

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ემპოლის დაემშვიდობა და თავისუფალი აგენტი გახდა, შესაძლოა, ისევ იტალიაში დარჩეს.  calabriasport24.net-ის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდის დამატებით სერია B-ს კლუბი კოზენცაა დაინტერესებული.

2006 წლის ზაფხულში, ემპოლის პრიმავერას გუნდში 16 წლის ასაკში მისული ლევან მჭედლიძე ტოსკანურ კლუბს 13 წლის შემდეგ, ამ ზაფხულს დაემშვიდობა. იქამდე იყო სულ ორი თამაში გორის დილას რიგებში, მერე კი იჯარა 2008-2010 წლებში პალერმოში (11 თამაში, 1 გოლი). ქართველმა ცენტრფორვარდმა, რომელსაც შესაძლებლობის გამოვლენაში ხელი ქრონიკულმა ტრავმებმა მნიშვნელოვნად შეუშალა, იტალიის ჩემპიონატებსა (სერია A & B) და თასზე ჯამში 163 თამაშში 20 გოლი გაიტანა. 

ლევანის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 32 მატჩი, 2 გოლი და 5 საგოლე პასია

სერია A-ს 2018/19 წლების სეზონში ლევან მჭედლიძემ სულ 12 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ფეხბურთელს ემპოლისთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ის აღარ გაგრძელდა. შედეგად, მჭედლიძე თავისუფალი აგენტი გახდა.

რაც შეეხება კოზენცას, ამავე სახელწოდების ქალაქის კლუბი 1914 წლიდან არსებობს, ამჟამად კი იტალიის რანგით მეორე დივიზიონში - სერია B-ში ასპარეზობს. კალაბრიული გუნდი საშინაო შეხვედრებს "სტადიო სან ვიტოზე" მართავს, რომელიც 24 000 მაყურებელს იტევს.

კოზენცას საკმაოდ აქტიური გულშემატკივრები ჰყავს

კოზენცას სერია A-ში არასდროს უთამაშია, მისი საუკეთესო მიღწევა კი სერია B-ში მეხუთე ადგილი იყო (1991/92 წლების სეზონი). გასულ სეზონში გუნდმა, რომელსაც 64 წლის პიერო ბრალია წვრთნის, ჩემპიონატი 46 ქულით, მე-10 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები