Thumbnail
  • პაულო დიბალას ახლა ტოტენჰემში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ
  • კლუბები უკვე შეთანხმდნენ, ახლა სპურსი არგენტინელს უნდა მოელაპარაკოს

როგორც ჩანს, პაულო დიბალა იუვენტუსს მაინც დატოვებს. მას მერე, რაც არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში ჩაიშალა, 25 წლის დიბალა ახლა ტოტენჰემს უახლოვდება. ინგლისური და იტალიური გამოცემები წერენ, რომ ტურინული და ლონდონური კლუბები 70 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, ახლა კი არგენტინელი უნდა შეუთანხმდეს სპურსს. აღსანიშნავია, რომ დიბალას ტრანსფერზე იუნაიტედი და იუვენტუსიც შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ არგენტინელმა მანკუნიანელებს ზედმეტად მაღალი, მათთვის მიუღებელი ხელფასი მოსთხოვა.

ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ტოტენჰემზეა დამოკიდებული - თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი დიბალას შეუთანხმდება, ტრანსფერი დღეს ან ხვალ განხორციელდება. როგორც იცით, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ, 8 აგვისტოს იხურება.

პაულო დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ აშკარაა, რომ ტურინულ გრანდში მომავალი აღარ აქვს. ბოლო დროს ცხადად გამოჩნდა, რომ იუვეს ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი სეზონს მის გარეშე გეგმავს. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, სარის პრიორიტეტი დიბალას გაყიდვა და მანჩესტერ იუნაიტედიდან რომელუ ლუკაკუს შეძენაა.

ლონდონელები კოუტინიოზეც ფიქრობენ

დიბალა იუვემ 2015 წელს, პალერმოდან 40 მილიონ ევროდ შეიძინა და არგენტინელი ძალიან მალე, ტურინის პუბლიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი გახდა. ამის დასტურია ისიც, რომ დიბალა იუვეს მე-10 ნომერია. თუმცა, არგენტინელმა წინა სეზონში არცისე კარგად იასპარეზა, ახლა კი სარიმ გადაწყვიტა, რომ გაყიდოს.

არგენტინელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 23 მატჩი აქვს ჩატარებული, ტოტენჰემში თანამემამულე მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ელოდება. აღსანიშნავია, რომ ლონდონელები ლონდონელები ბარსელონელ ფილიპე კოუტინიოზეც ფიქრობენ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ტოტენჰემს კრისტიან ერიკსენი დატოვებს...

კომენტარები

ბოლო ამბები