Thumbnail

საუკეთესო დრიბლიორი - ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში გამორჩეულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზანის რუბინის ქართველი ლეგიონერი პრემიერლიგამ და championat.com-მა აღიარეს
  • 18 წლის ნახევარმცველი რუსეთის ჩემპიონატში გასულ ოთხ ტურში შეუდარებელი იყო

ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მუდმივად არის რუსული სპორტული მედიისა და ექსპერტების ყურადღების ცენტრში და სრულებით დამსახურებულადაც. 18 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგაში გასულ 4 ტურში, წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით, საუკეთესოა.

ამ მონაცემს რუსეთის პრემიერლიგა აქვეყნებს და ირკვევა, რომ ზურიკოს დრიბლინგების 85% წარმატებული იყო.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი რუბინს, სხვა ქართველ ლეგიონერებთან ერთად, სეზონის დაწყების წინ შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყაზანური გუნდის მაისურით ამ სეზონის ოთხივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ბოლო ორი კი შეუცვლელად ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში დავითაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას, ბექა მიქელთაძისა და ნიკა ყიფიანის გუნდმა შინ მოსკოვის ცსკა-სთან ანგარიშით 0:1 წააგო და ამის მიუხედავად, დავითაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მაინც მოხვდა, რომელსაც ვალერი გაზაევი სპეციალურად championat.com-ისთვის ადგენს.

"ზურიკო ძალიან აქტიური იყო შეტევაში და პირველ ტაიმში, რუბინის შემადგენლობიდან პრობლემებს ცსკა-ს ყველაზე მეტად სწორედ ის უქმინდა. მოსკოველებმა პირველი გაფრთხილებაც მასთან ორთაბრძოლისას მიიღეს - ახმეტოვმა მეორე ტაიმის დასაწყისში დავითაშვილი ფოლით შეაჩერა", - წერს საიტი.

კიდევ ერთი ცნობილი რუსული სპორტული საიტი sport24.ru დავითაშვილს ჩემპიონატის იმ 10 მოთაშეს შორის ასახელებს, რომლებმაც სეზონის სტარტზე გულშემატკივრებისა და ექსპერტების გაოცება მოახერხეს.

"რუბინის სხვა ქართველებისგან - კვარაცხელიასა და მიქელთაძისგან განსხვავებით, დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა, მაგრამ ამის მიუხედავად, რომან შარონოვის განახლებულ რუბინში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფიგურაა. ზურიკო ახმატთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ის რეგულარულად ხვდება სასტარტოში, დრიბლინგების რაოდენობით ჩემპიონატში მეშვიდეა, ხოლო დარტყმებით - მეხუთე. და თან, ეს ბიჭი სულ 18 წლისაა".

ყაზანის რუბინს რუსეთის პრემიერლიგაში გასული 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, მომავალ ტურში კი 10 აგვისტოს, სტუმრად კრასნოდარს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები