Thumbnail

ბარსელონას ერთი წერილი 80 მილიონი ევრო უჯდება? გრიზმანის სკანდალი გრძელდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ატლეტიკო ბარსელონას გრიზმანთან ნაადრევ შეთანხმებაში ადანაშაულებს
  • მადრიდულმა კლუბმა მტკიცებულების სახით წერილი წარადგინა

ანტუან გრიზმანი უკვე ბარსელონას ფეხბურთელია, მაგრამ კატალონიურ გრანდსა და ატლეტიკოს შორის ფრანგი ფორვარდის გამო დაპირისპირება გრძელდება.

ბარსამ ატლეტიკოს უკვე გადაურიცხა 120 მილიონი ევრო, მაგრამ მადრიდელები მიიჩნევენ, რომ 28 წლის ფრანგი ფორვარდის ტრანსფერის შემდეგ, მათ კიდევ 80 მილიონი ეკუთვნით. ატლეტიკო ცდილობს, დაამტკიცოს, რომ გრიზმანი და ბარსელონა ერთმანეთში იმაზე ადრე შეთანხმდნენ, ვიდრე ამის უფლება ჰქონდათ.

რა ეწერა წერილში?

მადრიდელთა დამამტკიცებელი საბუთი აგენტ სევან კარიანის წერილი გახლავთ, რომელიც მან გრიზმანის მამას და დას მარტში გაუგზავნა. სწორედ ამ მეილით სურთ მადრიდელებს იმის დამტკიცება, რომ ბარსელონა ფრანგ ფეხბურთელს 1 ივლისამდე ელაპარაკებოდა. გრიზმანის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 1 ივლისამდე მისი ფასი 200 მილიონი ევრო იყო, ივლისიდან კი - 120 მილიონი.

ატლეტიკო დიდი ხანია, ირწმუნება, რომ 120 მილიონზე მეტი ეკუთვნის. მადრიდელებმა ლა ლიგას ისიც კი მოსთხოვეს, რომ გრიზმანისთვის თამაშის უფლება არ მიეცათ. ბარსელონას პასუხია, რომ ფეხბურთელთან შეთანხმება 1 ივლისის შემდეგ შედგა. 

ატლეტიკო გრიზმანის ტრანსფერის ფიფაში გასაჩივრებას გეგმავს. ‘ელ მუნდო დეპორტივოს’ ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს ამ წერილით კარგი შანსი აქვს, რომ ბარსელონას სასამართლო მოუგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები