Thumbnail

ტრანსფერები | ბარსელონა თანახმაა - არტურო ვიდალი იტალიაში ბრუნდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიელები მზად არიან, 32 წლის ჩილელი ინტერში იჯარით გაუშვან
  • ფეხბურთელი წინააღმდეგი არაა, კონტეს ხელმძღვანელობით კვლავ ითამაშოს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ბარსელონას ნახევარმცველის არტურო ვიდალის ტრანსფერი მილანის ინტერში განხორციელდეს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბებს შორის ამ საკითხზე მანამდე მიმდინარე მოლაპარაკებებში სირთულეები წარმოიშვა, 32 წლის ჩილელი ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

როგორც FC Inter News იუწყება, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ შეიცვალა ფეხბურთელის მიმართ დამოკიდებულება და ახლა მზადაა ის ნერაძურიში ერთი წლით, იჯარის წესით გაუშვას. გუნდის მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე არტუროს შეუცვლელ მოთამაშედ არ მიიჩნევს და ამავდროულად, კმაყოფილია იმ ახალწვეულებით, რომლებიც შუა ხაზში ჰყავს.

მილანში ვიდალის მიწვევით ანტონიო კონტეა დაინტერესებული

თავის მხრივ, ვიდალსაც სურს ანტონიო კონტესთან მუშაობის განახლება, რომელმაც ზაფხულში ინტერის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა. ნახევარმცველი და იტალიელი სპეციალისტი ერთმანეთს იუვენტუსში გატარებული პერიოდიდან კარგად იცნობენ.

არტურო ვიდალი ბარსელონაში 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ საკლუბო სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირის 53 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.

მშობლიურ კოლო-კოლოში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ჩილელი მოთამაშე საფეხბურთო ევროპამ ლევერკუზენის ბაიერიდან გაიცნო. 2011 წელს არტურო ტურინის იუვენტუსში გადავიდა, სადაც 4 წარმატებული წელი გაატარა, რის შემდეგაც მიუნხენის ბაიერნს მიაშურა და ბუნდესლიგაში კიდევ სამი სეზონი ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები