Thumbnail
  • ყაზანში, რუბინისა და ცსკა-ს შეხვედრას მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტიც დაესწრო 
  • რუსული მედია რუბინის ქართველ ლეგიონერებზე საინტერესო ვარაუდს გამოთქვამს
  • სამწუხაროდ, იმ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გაციების გამო ვერ ითამაშა

ყაზანის რუბინში სეზონის დაწყების წინ გამოჩენილ ქართველ ლეგიონერებს: ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილსა და ბექა მიქელთაძეს, რუსეთში ძალიან აქებენ. ამ ქვეყნის ჩემპიონატში ჯერ ოთხი ტურია გასული, ადგილობრივი მედია კი წერს, რომ რუბინი შთამბეჭდავ თამაშს სწორედ ქართველების ხარჯზე აჩვენებს. მართლაც, გუნდმა კვარაცხელიას გოლით მოსკოვში ლოკომოტივთან ქულა მოიპოვა (1:1), მიქელთაძის გოლით კი დედაქალაქში დინამოსთან სულაც გამარჯვება იზეიმა (1:0). 

რუბინის ქართული ლეგიონი: ყიფიანი, კვარაცხელია, დავითაშვილი და მიქელთაძე

ბოლო ტურში რუბინმა შინ ცსკა-სთან წააგო (0:1). ამ მატჩში მონაწილეობა გაციების გამო არ მიუღია კვარაცხელიას, დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 81-ე წუთამდე - მიქელთაძემ. 65-ე წუთიდან გავიდა მოედანზე ყაზანელთა კიდევ ერთი ქართული წარმომავლობის მქონე ფეხბურთელი - ნიკა ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

ბექა მიქელთაძემ ცსკა-ს წინააღმდეგ რუბინის სასტარტოში ითამაშა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყაზანში გამართულ ამ შეხვედრას ინგლისიდან სტუმარი ჰყავდა - მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტი კრსტო კილიბარდა. სპეციალისტი ცნობილია იმით, რომ მანკუნიანელებისთვის პოტენციურ ახალწვეულებს აღმოსავლეთ ევროპაში არჩევს. დაიწერა, რომ აგენტის ინტერესთა სფეროში ცსკა-ს თავდამსხმელ ფიოდორ ჩეხოვი და მცველი მარიო ფერნანდესი იყვნენ. თუმცა, გამოითქვა ვარაუდი, რომ კილიბარდას რუბინის 18 წლის ქართველების ნახვაც სურდა - ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიასი. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხვიჩამ ამ მატჩში ვერ ითამაშა.

ზურიკო დავითაშვილს რუბინში ჯერ გოლი არ გაუტანია 

მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტის ქართველებით დაინტერესების შესახებ სოციალურ ქსელში რუსეთში ცნობილმა კომენტატორმა (Матч ТВ) ნობელ არუსტამიანმა დაწერა. თავად აგენტს ყაზანში ვიზიტის მიზნის შესახებ ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

რა თქმა უნდა, რუბინის ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების არათუ მანჩესტერ იუნაიტედში, თუნდაც რომელიმე ევროპულ კლუბში ტრანსფერზე საუბარი ჯერ ძალიან არასერიოზულია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ რუსულ მედიაში მსგავსი ტიპის ვარაუდები გამოითქმის, თავისთავად უკვე  პოზიტიურია.

კომენტარები

ბოლო ამბები