Thumbnail

საბურთალოსა და დინამოს სავარაუდო მეტოქეები ევროპალიგის პლეი ოფში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის წილისყრა 
  • საბურთალოს და დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეები
  • საკმაოდ კარგი წილისყრა ქართული კლუბებისთვის

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც ამ ეტაპზე ქართული კლუბების - საბურთალოსა და დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეების ვინაობა გაირკვა. 

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი საბურთალო, თუკი არარატ არმენიას ბარიერს დაძლევს, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო პლეი ოფში დუდელანჟი (ლუქსემბურგი)-კალიუს (ესტონეთი) წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, სადაც ტირასპოლის შერიფს აჯობა (3:0, 1:3), რის შემდეგაც ზაგრების დინამოსთან წააგო (0:2, 0:3) და ევროპალიგაზე გადაინაცვლა. 6 აგვისტოს საბურთალო არარატ არმენიას სტუმრად შეხვდება, 14-ში კი შინ უმასპინძლებს.

რაც შეეხება დინამო თბილისს, თუკი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჰოლანდიურ ფეიენოორდთან ორრაუნდიან დაპირისპირების ბედს თავის სასარგებლოდ გადაწყვიტავს, საკვალიფიკაციო პლეი ოფში ნორჩოპინგისა (შვედეთი) და ბეერ შევას (ისრაელი) წყვილში მოგებულს შეხვდება.

დინამო თბილისმა ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ ანდორულ ერგონდანს (6:0, 1:0) აჯობა, შემდეგ კი აზერბაიჯანული გაბალა სტუმრად და შინ დაამარცხა (2:0, 3:0). დინამოელები ფეიენოორდს 8 აგვისტოს სტუმრად შეხვდებიან, საპასუხო მატჩში კი 15 აგვისტოს უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო პლეი ოფი ბოლო ბარიერია ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად. პირველი მატჩები 22 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი - ერთი კვირის შემდეგ.

პლეი ოფის რაუნდის 21 გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, სადაც მათ დაემატება 17 გუნდი, რომლებიც პირდაპირ საგზურებს ფლობენ. ასევე - ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული 4 და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში დამარცხებული 6 გუნდი.

კომენტარები

ბოლო ამბები