Thumbnail
  • ტონი კროოსმა გერმანიის ნაკრები, შესაძლოა, გაისად დატოვოს
  • მანამდე, მისი მიზანი ევროპის ჩემპიონობაა

ტონი კროოსი ჯერ მხოლოდ 29 წლისაა, მაგრამ უკვე სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ‘კიკერთან’ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებიდან, შესაძლოა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შემდეგ წავიდეს. მისი აზრით, ეს კარგი დრო იქნება იმისათვის, რომ სანაკრებო კარიერა დაამთავროს.

ტონი კროოსი ბუნდესგუნდში 2010 წლიდან თამაშობს

გერმანული მედია ჯერ კიდევ 2018 წლის მუნდიალის შემდეგ წერდა, რომ კროოსი ბუნდესგუნდიდან წასვლაზე ფიქრობდა. ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებულს, რომელიც 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა და მას მერე ბუნდესგუნდში 92 მატჩი აქვს ჩატარებული (14 გოლი).

“ჩემი მიზანი ახლა ევროპის ჩემპიონობაა. ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს. ასე რომ არ ვფიქრობდე, არც ვითამაშებდი, - აღნიშნა რეალის ვარსკვლავმა, - კონტინენტის პირველობა 1996 წლის შემდეგ არ მოგვიგია და თუ ახლაც ვერ მოვიგებთ, თავს ნამდვილად არ მოვიკლავ. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ევროპის ჩემპიონი გავხდე და ჩემს ჯილდოებს ეს ტიტულიც შევმატო. ოღონდ, ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება.”

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები მთავარ ფავორიტად არ მიიჩნევა და კროოსმა ეს კარგად იცის: “ჩვენ ამ ტურნირზე წლების მანძილზე შეთამაშებული გუნდი არ გვეყოლება. მსოფლიოს ჩემპიონატზე კრახის შემდეგ, გუნდში დიდი ცვლილებები დაიწყო. ევრო 2020-ს შევხვდებით გუნდით, რომელიც მხოლოდ წელიწადნახევარია, ამ შემადგენლობით თამაშობს. ჩვენ ახალგაზრდული, მოტივირებული გუნდი გვეყოლება. მე ამ გუნდის გამოცდილი ლიდერი უნდა ვიყო. მანუელ ნოიერთან ერთად მე უკანასკნელი ვარ, ვინც 2014 წელს მუნდიალი მოიგო.”

კომენტარები

ბოლო ამბები