Thumbnail
  • მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია
  • ხორვატი იუნაიტედს 2+1 სისტემის კონტრაქტზე შეუთანხმდა

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი კარიერას, დიდი ალბათობით, მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს! ამის შესახებ იტალიური სპორტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, 33 წლის ხორვატმა ფორვარდმა ინგლისურ გრანდთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. გავრცელებული ცნობით, მანჯუკიჩი იუნაიტედთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2+1 სისტემის იქნება. მარიოს ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება, იუვენტუსი კი იუნაიტედისგან 15 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარის იუვეში მისვლის შემდეგ, მანჯუკიჩის ბედს რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ. ყველაზე ხშირად დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნზე იწერებოდა, სადაც ხორვატი უკვე თამაშობდა. ინგლისური კლუბებიდან ასევე დაინტერესებული იყო ევერტონიც.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურ და იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, იუვენტუსსა და იუნაიტედს შორის დიდი გარიგება იგეგმება: ინგლისელებს პაულო დიბალა სურთ, იტალიელებს კი - რომელუ ლუკაკუ.

მარიო მანჯუკიჩი იუვეში 2015 წლის ზაფხულში, მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა. ტურინულმა კლუბმა მაშინ ხორვატის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო გადაიხადა. გასულ სეზონში მანჯუკიჩმა იტალიის სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი უკვე დატოვა 19 წლის ფორვარდმა მოიზე კინმა - ნიჭიერი ფორვარდი ევერტონმა იყიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები