Thumbnail

'აქედან დაიწყო საქართველოს ნაკრების აღმასვლა' - მამუკა გორგოძე მსოფლიო თასებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბორჯღალოსნების ექსკაპიტანმა მსოფლიო თასებზე გამორჩეული მატჩები გაიხსენა 
  • 35 წლის ლეგენდარულმა მორაგბემ თავის მოსაზრებები WORLDRUGBY-ს გაუზიარა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლეგენდამ, მამუკა გორგოძემ, რომელმაც ბორჯღალოსნებში გამოსვლა ორი წლის წინ დაასრულა, WORLDRUGBY-ს ინტერვიუ მისცა.  ფრანგულ ტულონში მოთამაშე 35 წლის მორაგბემ მსოფლიო თასებზე საქართველოს ნაკრების გამორჩეული მატჩები გაიხსენა.

გორგოძემ ბორჯღალოსნებთან ერთად სამ მსოფლიო თასზე ითამაშა - 2007 წელს საფრანგეთში, 2011 წელს - ახალ ზელანდიაში, 2015-ში კი - ინგლისში. "გორგოძილამ" ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ 2017 წლის მაისში გამოაცხადა.

გორგოძე ჯერ საფრანგეთში გამართულ ჩემპიონატში ირლანდიასთან ჩატარებულ გასაოცარ შეხვედრას იხსენებს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 10-14 დათმო.

"საფრანგეთში გამართული ჩემპიონატიდან მხოლოდ კარგი მოგონებები დამრჩა. ირლანდიასთან თამაშში სენსაციამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. რაგბიში სენსაციები ძალიან იშვიათად ხდება და  ისტორიაში მსგავსი რამ სულ თითზე ჩამოსათვლელია. ეს თამაში რომ მოგვეგო, სენსაცია იქნებოდა და ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი დავდეთ. მაგრამ საქართველოს მაშინდელი ნაკრების ირლანდიასთან ასეთი ნაჩვენები თამაში თავისთავად უკვე სენსაცია იყო. ჩემი აზრით, აქედან დაიწყო საქართველოს ნაკრების აღმასვლა".

ტონგელებმა მამუკა გორგოძე ვერაფრით შეაჩერეს

მამუკა გორგოძემ 2015 წელს, მსოფლიო თასზე ტონგასთან მოგებული შეხვედრაც (17-10) გამოარჩია, რომელშიც საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს:

"ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მსოფლიო თასებიდან, ტონგასთან გამარჯვებაა. მსოფლიოში, ჩვენს გარდა, არავის სჯეროდა, რომ ტონგას დამარცხებას შევძლებდით და ალბათ, ამ თავდაჯერებით გავიმარჯვეთ კიდეც. თავდაჯერება ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვისაც და საერთოდ, ადამიანისთვის. ჩვენ გვჯეროდა, ჩვენს ირგვლივ მყოფებს სჯეროდათ და გავიმარჯვეთ კიდეც", - ამბობს მამუკა.

მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრების ღირსებას 2003-2017 წლებში იცავდა. გორგოძემ ბორჯაღოსნების მაისურით 71 მატჩში ითამაშა, აქედან 13-ჯერ - კაპიტნის სამკლავურით და გაიტანა 26 ლელო.

კომენტარები

ბოლო ამბები