Thumbnail
  • სუპერთასზე ქალი არბიტრი იმსაჯებს
  • სტეფანი ფრაპარი 35 წლისაა და დიდი გამოცდილება აქვს

ევროპის სუპერთასის მატჩზე, რომელიც 14 აგვისტოს, სტამბოლში გაიმართება და რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლივერპული და ევროპალიგის გამარჯვებული ჩელსი დაუპირისპირდებიან, ქალი მსაჯი იმუშავებს! ამის შესახებ ინფორმაცია უეფამ დღეს გაავრცელა. სუპერთასზე მთავარი არბიტრი ფრანგი სტეფანი ფრაპარი იქნება. იგი პირველი ქალი მსაჯია, რომელიც უეფამ კაცთა ფეხბურთში, მნიშვნელოვან ოფიციალურ მატჩზე დანიშნა!

“ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ქალთა ფეხბურთის პოტენციალი უსაზღვროა! მიხარია, რომ სუპერთასზე სტეფანი ფრაპარი და მისი ასისტენტები, მანუელა ნიკოლოსი და მიშელ ო’ნილი იმუშავებენ,” - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა. შეგახსენებთ, რომ 2004-დან 2009 წლამდე, შვეიცარიელმა ნიკოლ პეტინატმა უეფას თასის სამი საკვალიფიკაციო მატჩი იმსაჯა.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის ფრაპარმა რამდენიმე კვირის წინ, ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა, რომელშიც აშშ-ის ნაკრებმა ჰოლანდია 2:0 დაამარცხა. აპრილში ის ასევე პირველი ქალი არბიტრი გახდა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში დანიშნეს. 

“სტეფანიმ წლების მანძილზე დაამტკიცა, რომ არა მარტო ევროპაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია,” - ეს უეფას მსაჯთა შეფის, იტალიელი რობერტო როსეტის სიტყვებია.

ლივერპულისა და ჩელსის მატჩზე მეოთხე არბიტრი თურქი ჩუნეით ჩაქირი იქნება. ვიდეო-რეფერის ოთახში კი გერმანელი მარკ ბოში და ფრანგი კლემენ ტურპენი იმუშავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები