Thumbnail
  • რატომ გააკრიტიკეს საჯაროდ ბაიერნის ბოსებმა ნიკო კოვაჩი?
  • როგორც ჩანს, მწვრთნელმა რაღაც-რაღაცები არ იცოდა
  • სიტის და სანეს ბავარიული გრანდისგან შეთავაზებები მიღებული აქვთ

ყველამ იცის, რომ მიუნხენის ბაიერნს ლეროი სანეს გადაბირება სურს და ყველას გაუკვირდა ის, რომ ბავარიული გრანდის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი სანეს შესახებ გაკეთებული, პოზიტიური კომენტარის გამო გააკრიტიკა.

‘ბილდის’ ინფორმაციით, ბაიერნმა მანჩესტერ სიტის უკვე მიმართა კონკრეტული წინადადებით, რის შემდეგაც 23 წლის ფეხბურთელმაც მიიღო ოფიციალური შეთავაზება. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ სიტი და სანე ტრანსფერს დათანხმდნენ და სწორედ ამიტომ თქვა კოვაჩმა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი. პრობლემა: კოვაჩმა არ იცოდა, რომ სიტი და ბაიერნი შეთანხმდნენ, გადაწყვეტილების მიღებამდე ამ თემაზე კომენტარები არ გაეკეთებინათ!

ლეროი სანე, შესაძლოა, მიუნხენის ბაიერნში გადავიდეს

ამიტომაც გახდა რუმენიგე იძულებული, რომ კოვაჩი საჯაროდ გაეკრიტიკებინა უმტკივნეულო, ოპტიმისტური კომენტარის გამო. “მე მისი კომენტარი არ მომეწონა და ამას არც ვმალავ. ჩვენ მანჩესტერ სიტისთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მწვრთნელმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, ტრანსფერებზე მუშაობა და განცხადებების გაკეთება კი ჩვენი, კლუბის ხელმძღვანელების საქმეა!” - თქვა რუმენიგემ. ასეთივე შინაარსის კომენტარი გააკეთა ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც. უფრო მეტიც: ‘ბრაცომ’ სიტის კოვაჩის განცხადების გამო საჯაროდ მოუბოდიშა! რაც ყველაზე საინტერესოა, რუმენიგესა და სალიჰამიჯიჩის განცხადებებს ბაიერნის საკუთრებაში მყოფი საინფორმაციო არხები აქტიურად ავრცელებდნენ.

კოვაჩმა უკან დაიხია, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ამიერიდან შესაძლო ტრანსფერებზე კომენტარებს აღარ გააკეთებს. არადა, მას ცუდი არაფერი უთქვამს - უბრალოდ აღნიშნა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ ლეროი სანე ბაიერნში გადავა. მოგვიანებით, კოვაჩმა ისიც თქვა, რომ მასსა და რუმენიგეს შორის ყველაფერი კარგადაა.

კარლ-ჰაინც რუმენიგე და ნიკო კოვაჩი - ეს ოქტობერფესტზე გადაღებული ფოტოა

უცნაურია, მაგრამ ფაქტი: ბაიერნის შეფებმა კოვაჩს იმის გამო შეუტიეს, რაც ბოლო დროს თვითონაც არაერთხელ გაუკეთებიათ. კოვაჩამდე, სანეს შესაძლო ტრანსფერზე ოპტიმისტურად კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესიც საუბრობდა, სალიჰამიჯიჩის და რუმენიგეც! თანაც, გაცილებით კონკრეტულ განცხადებებს აკეთებდნენ. რუმენიგემ რამდენიმე დღის წინ იხუმრა კიდეც, თვითონ გვარდიოლამ არ იცის, რა ხდება მის კლუბშიო… უბრალოდ, როგორც ჩანს, სიტი და ბაიერნი შეთანხმდნენ, რომ კომენტარები აღარ გაეკეთებინათ, კოვაჩმა კი ეს არ იცოდა.

შედარებისთვის: 2013 წელს ბაიერნის იმჟამინდელმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ საჯაროდ, კატეგორიულად მოითხოვა ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი, მაგრამ რუმენიგეს პეპი ამის გამო არ გაუკრიტიკებია. კოვაჩმა კი, გაცილებით მსუბუქი განცხადების გამო, ბოსებისგან ფაქტობრივად შეურაცხმყოფელი კრიტიკა დაიმსახურა.

ნიკო კოვაჩს უფლება აქვს, ბაიერნის ბოსებზე გაბრაზებული იყოს

‘ბილდი’ წერს, რომ მანჩესტერ სიტიში ბაიერნის წინადადებაზე ფიქრობენ და ყველაფერი მალე გადაწყდება. ბევრი რამ თვითონ ლეროი სანეს სურვილზეა დამოკიდებული, რომელსაც რეკორდმაისტერში გადასვლა, როგორც ჩანს, დიდად არ სურს. ამიტომაც თქვა ბაიერნის ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა, სანეს მიუნხენში გადმოსვლა რომ უნდოდეს, აქამდე უკვე მიუნხენში იქნებოდაო...

კომენტარები

ბოლო ამბები