Thumbnail

რონალდოს თამაში არ უნდოდა! ფანები ფულის დაბრუნებას ითხოვენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდომ სამხრეთ კორეაში მოედანზე გასვლა არ ისურვა
  • მატჩის ორგანიზატორი თამაშის შემდეგ ტიროდა
  • ფანებმა სტადიონი ნაადრევად დატოვეს და მესის გვარს სკანდირებდნენ

იუვენტუსისა და სამხრეთ კორეის ლიგის ნაკრების ამხანაგური მატჩი პარასკევს, სეულში გაიმართა და 3:3 დამთავრდა. მიუხედავად 6 გოლისა, სამხრეთკორეელმა ფანებმა ვერ ისიამოვნეს, რადგან კრიშტიანო რონალდომ არ ითამაშა. ახლა კი, მაყურებლები ბილეთებში გადახდილი ფულის დაბრუნებას და კომპენსაციასაც ითხოვენ. 

“ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 2 700 ადამიანი გვიჩივლებს და ფულის დაბრუნებას მოითხოვს,” - აცხადებს სააგენტო The Festa-ს ადვოკატი. მატჩის ორგანიზება სწორედ ამ კომპანიას ჰქონდა დავალებული. მატჩზე დასასწრები ერთი ბილეთი დაახლოებით 53 ევრო ღირდა, მაგრამ თითოეული ფანი 758 ევროს ოდენობის კომპენსაციასაც ითხოვს.

The Festa-ს გენერალურმა მენეჯერმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს ცრემლები ვერ შეიკავა. მან თქვა, რომ იუვენტუსი კონტრაქტით იყო ვალდებული, რომ რონალდო მოედანზე გამოეყვანა - პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მინიმუმ 45 წუთი უნდა ეთამაშა. როდესაც ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი რონალდოს მოედანზე გაყვანას არ აპირებდა, იუვეს ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს მიმართეს და კონტრაქტში ჩადებული ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი შეახსენეს.

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი

“ნედვედმა მითხრა, მეც ძალიან მინდა, რომ რონალდომ ითამაშოს, მაგრამ თვითონ არ სურს მოედანზე გასვლა, ბოდიში, მაგრამ არაფერი შემიძლიაო,” - ამბობს The Festa-ს შეფი.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ისედაც 1-საათიანი დაგვიანებით დაიწყო, რადგან ტურინელებმა სტადიონზე დააგვიანეს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც 63 000 მაყურებელი უკმაყოფილო დარჩა. გაბრაზებული სამხრეთკორეელები “მესი-მესის” სკანდირებდნენ. უმრავლესობამ სტადიონი ნაადრევად დატოვა...

კომენტარები

ბოლო ამბები