Thumbnail

კითხვის ნიშნები აზარის გარშემო - რატომ თამაშობს ბელგიელი ასე ცუდად?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ედენ აზარი რეალ მადრიდში ჯერჯერობით ძალიან ცუდად გამოიყურება
  • ტოტენჰემთან წაგებულ მატჩში (0:1) მან ბევრი შეცდომა დაუშვა
  • მადრიდული გრანდის მთავარ შენაძენს წონის პრობლემა აქვს

ედენ აზარი რეალში იმისთვის გადავიდა, რომ ‘სანტიაგო ბერნაბეუს’ პუბლიკა აღაფრთოვანოს, მაგრამ ბელგიელი შემტევი ამ მისიის შესრულებისგან ჯერ ძალიან შორსაა.

ამ ფოტოზე ზედმეტი წონის პრობლემა კარგად ჩანს

ვარსკვლავს, რომელიც ‘სამეფო კლუბმა’ ჩელსიდან 100 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა მხოლოდ აკრიტიკებენ (ცუდი თამაშის გამო) და დასცინიან (ზედმეტი წონის გამო).

ტოტენჰემთან თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგიელი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა. როგორც ირკვევა, 28 წლის აზარის საუკეთესო წონა 74 კილოგრამია, ის კი შვებულებიდან 7 კილოგრამით მომატებული დაბრუნდა.

აზარის ზუსტი წონის შესახებ ოფიციალური ცნობები, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება, მაგრამ ბელგიელს ზედმეტი წონა აშკარად ეტყობა!

ისევე, როგორც ბაიერნთან, არსენალთან და მადრიდის ატლეტიკოსთან ტესტმატჩებში, აზარმა ტოტენჰემთანაც ძალიან ცუდად ითამაშა.

შეტევების ორგანიზებისა და საგოლე მომენტების შექმნის ნაცვლად, ბელგიელი ზედმეტად ხშირად კარგავდა ბურთს და ზედმეტად ბევრი არაზუსტი პასი გააკეთა. სწორედ მის შეცდომას მოჰყვა ჰარი კეინის გოლიც, რომლითაც ტოტენჰემმა რეალს აუდის თასზე 1:0 მოუგო.

“ეს იყო კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ედენ აზარი საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა. მან საერთოდ ვერ შეძლო რეალის თამაშზე პოზიტიური გავლენის მოხდენა. ბაიერნთან მონდომებული ჩანდა, ბოლო თამაშებში კი საერთოდ დაიკარგა. ცხადია, ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრებია და ყველამ ვიცით, რომ რეალში ის წარმატებული იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით საერთოდ ვერაფერს ახერხებს, ფანებს ასეთი აზარი არ სჭირდებათ!” - წერს ‘მარკა’ და აზარის შეცდომას, რომელსაც კეინის გოლი მოჰყვა, შემაშფოთებელს უწოდებს.

ესპანეთში უკვე ხუმრობენ, რომ 100-მილიონიანი შენაძენი მალე 100 კილო იქნება…

ლა ლიგაში ახალი სეზონი 17 აგვისტოს იწყება. რეალი პირველ ტურში ვიგოს სელტას უნდა დაუპირისპირდეს. მანამდე, ბელგიელს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ წონაშიც დაიკლოს და ფორმაშიც შევიდეს. ტენდენცია ფენერბაჰჩესთან (დღეს), ზალცბურგთან (7 აგვისტოს) და რომასთან (11 აგვისტოს) ტესტ-მატჩებში გამოჩნდება...

📺 ვიდეო: როგორ ითამაშა ედენ აზარმა ტოტენჰემთან

კომენტარები

ბოლო ამბები