- რუმენიგემ და სალიჰამიჯიჩმა კოვაჩს შეუტიეს
- მიზეზი ლეროი სანეზე გაკეთებული განცხადებაა
- ბაიერნის მწვრთნელმა გვარდიოლას ბოდიში მოუხადა
ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერის გამო, მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს დაუპირისპირდნენ. ბავარიული გრანდის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით ოპტიმისტური განცხადება გააკეთა. რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კი, კოვაჩის განცხადების გამო, მანჩესტერ სიტის სულაც ბოდიში მოუხადა. თავად კოვაჩი კი შეცდომას აღიარებს.
“მე მისი განცხადება არ მომეწონა და ამას არც ვმალავ. ჩვენ მანჩესტერ სიტისთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, იქ ჩვენი ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მუშაობს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ლეროი სანე ჯერ კიდევ სიტის ფეხბურთელია და კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული,” - განაცხადა რუმენიგემ ZDF-თან ინტერვიუში.
“წესით, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არ უნდა ვილაპარაკოთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც სხვა გუნდებთან კონტრაქტი აკავშირებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ცხადია, რომ ახლა მანჩესტერ სიტის ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმისათვის, რომ ჩვენმა მწვრთნელმა მათ ფეხბურთელზე ილაპარაკა,” - ეს სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.
'მწვრთნელმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, ტრანსფერებზე მუშაობა კი - ჩვენი საქმეა!'
რუმენიგემ ასევე აღნიშნა, რომ სანეს ტრანსფერის განხორციელებაში ბაიერნს არც ოპტიმისტური განცხადებები დაეხმარება და არც პესიმისტური: “ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, მწვრთნელმა კი თავისი საქმე უნდა აკეთოს! თუ ასე მოვიქცევით, მომავალი სეზონი ბაიერნისთვის წარმატებული იქნება,” - დასძინა რუმენიგემ.
მაინც რა თქვა კოვაჩმა ასეთი? “მჯერა და ვფიქრობ, რომ ლეროი სანე ჩვენთან გადმოვა!” - სულ ეს იყო კოვაჩის კომენტარი, რომელმაც რუმენიგეს და სალიჰამიჯიჩის აღშფოთება გამოიწვია.
კითხვაზე, რა გახდა კოვაჩის ასეთი ოპტიმისტური განცხადების საფუძველი, რუმენიგემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ასე უპასუხა: “წარმოდგენა არ მაქვს! ბოლო დღეებში მუდმივად ვეუბნებოდი, რომ ახალი არაფერია. ჩვენ ვმუშაობთ ტრანსფერებზე, მაგრამ შედეგებს უნდა დაველოდოთ. ყველამ უნდა იქონიოს მოთმინება.”
აუდის თასზე, ფენერბაჰჩესთან მოგებული (6:1) მატჩის შემდეგ, ამ თემაზე კომენტარი კოვაჩმაც გააკეთა. მან შეცდომა აღიარა: “შესაძლოა, ზედმეტად პირდაპირი კომენტარი გამომივიდა. მე უკვე მოვუბოდიშე ხოსეპ გვარდიოლას და მომავალში ასეთ პირდაპირ კომენტარებს აღარ გავაკეთებ.”
არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის წასვლის შემდეგ, 23 წლის ლეროი სანეს გადაბირება მიუნხენის ბაიერნის უმთავრესი პრიორიტეტია. სიტის დამრიგებელმა გვარდიოლამ ბოლოს თქვა, რომ სანეს გაყიდვას არ გამორიცხავს. პეპმა აღნიშნა, რომ გერმანელი გარემარბის დათმობა არ სურს, მაგრამ იქვე დაამატა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, სიტიში ყველა ბედნიერი იყოს.
კომენტარები