Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ცარიელ "მაქსიმირზე" საბურთალო ზაგრების დინამოს ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში თბილისში ხორვატებმა 2:0 მოიგეს. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგაზე ორი მატჩის ჯამში დამაჯერებელი უპირატესობით (5:0) ბრძოლას ხორვატული კლუბი აგრძელებს. ზაგრების დინამო მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა დვალის ფერენცვაროშს ხვდება.

საბურთალო ევროპალიგის მე-3 ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც მისი მეტოქე სომხური არარატ არმენია იქნება. 

მატჩს ძირითადად ბავშვები ესწრებოდნენ

შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო, უეფას მიერ დასჯილ "მაქსიმირზე" მხოლოდ 500 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 200 ბავშვი იყო.

გაბედავას მომენტი

23-ე წუთზე საბურთალოს პირველი საგოლე მომენტი შეექმნა, მაგრამ გიორგი გაბედავამ ახლო მანძილიდან მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 35-ე წუთზე უკვე როლოვიჩმა ააცილა ბურთს ფეხი ხელსაყრელი პოზიციიდან. ტაიმი ნაკლებად საინტერესო თამაშში გაილია, რომელშიც ოდნავ უპირატესობა საქართველოს ჩემპიონს ჰქონდა. 

მეორე ტაიმში თამაშის არც ტემპი შეცვლილა და არც მიმდინარეობა. მოსაწყენი მატჩი მომენტების გარეშე მიმდინარეობდა.

1:0 ორშიჩი 77'

77-ე წუთზე ამ დაპირისპირებაში ყოველგვარი ინტრიგა მოკვდა, როცა მისლავ ორშიჩს მცველისგან ბურთი მიუვიდა და იოლი გოლი გაიტანა კუპატაძის კარში.

2:0 პეტკოვიჩი 88'

დანი ოლმომ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და ბრუნო პეტკოვიჩმა საბურთალოს კარში მეორე გოლი გაიტანა.

3:0 ოლმო 94'

ბოლოს კი თავად ესპანელმა გაიტანა, მისი დარტყმა შორეულ დაბალ კუთხეში, რატომღაც, აუღებელი გამოდგა.

ზაგრების დინამო 3:0 საბურთალო

გოლები: 1:0 ორშიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 ოლმო (94)

ზაგრების დინამო (4-3-3): ლივაკოვიჩი - პინტო, ლესკოვიჩი, პერიჩი, ლეოვაცი - კაძიორი (74. ოლმო), ადემი, გოიაკი - ჰაიროვიჩი (84. მაიერი), გავრანოვიჩი (63. პეტკოვიჩი), ორშიჩი

საბურთალო (4-3-3): კუპატაძე - მალი (59. ტაბატაძე), მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, კაკუბავა - ჩაბრაძე (69. ჯინჯოლავა), ცნობილაძე, ალთუნაშვილი - გაბედავა, როლოვიჩი, გორგიაშვილი (61, დიასამიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები