Thumbnail

სუფთა საფეხბურთო არენა ყველა კომფორტით - ინტერვიუ ბათუმის სტადიონის ინჟინერთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბათუმის სტადიონის მშენებლობა დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდება
  • მთავარი ინჟინერი მირზა ბოლქვაძე სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს აფასებს

ბათუმის დინამომ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყო. ბათუმელები უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ კარგად თამაშობენ და ამ დროისთვის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან. გია გეგუჩაძის გუნდი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. თუ დინამო სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს, ეს ბათუმური კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა იქნება .

კლუბი საშინაო მატჩებს ანგისას ბაზაზე ატარებს, მაგრამ მალე ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდება და დიდი ალბათობით, ბათუმური კლუბი ახალ არენაზე გადაინაცვლებს. საქმიანობის 60% უკვე შესრულებულია. სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ მთავარი ინჟინერი, მირზა ბოლქვაძე გვესაუბრება.

POPSPORT: რა სამუშაოები შესრულდა სტადიონზე და ამჟამად რა ეტაპზეა მშენებლობა?

მირზა ბოლქვაძე: ბათუმის დინამოს სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და გადახურვის შემდეგ უკვე სხვა ვიზუალი მიიღო. სამუშაოების 60% შესრულდა - ახლა დასასრულს უახლოვდება საინჟინრო-კომუნიკაციური ნაწილი, მექანიკური ნაწილი, მოსაპირკეთებელი და შიდამოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად, ტრიბუნაზე დავიწყეთ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, რის შემდეგაც ყველაფერი დასუფთავდება და რამდენიმე პროცედურის შემდეგ, სკამების მონტაჟი დაიწყება.

ეს სუფთა საფეხბურთო სტადიონია - მაყურებელი მოედანთან მაქსიმალურად ახლოს იქნება!

POPSPORT: რამდენად ხარისხიანი ბალახი დაიგება სტადიონზე და მოედნის მოწყობის სამუშაოები როდის დაიწყება?

მირზა ბოლქვაძე: სტადიონი არაოლიმპიურია - ანუ, სუფთა საფეხბურთო მოედანია. მაყურებელი მინდორთან მაქსიმალურად ახლოს იქნება, რაც დამატებით კომფორტია. 20 დღეში ვიწყებთ მოედნის სამუშაოებს - მოსწორებასა და სადრენაჟო სისტემის გამართვას. უშუალოდ მოედნის საფარის დაგება სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება. სტადიონზე ბერძნული კომპანიის ბალახი დაირგვება. ეს ბუნებრივი ბალახია, რაც მე-4 კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კონცერტების გამართვის დროს იქნება სპეციალური საფარი, რომლის სიმაღლე 50 სანტიმეტრამდეა, რის გამოც სათამაშო ბალახი არ დააზიანდება.

POPSPORT: სტადიონზე ადგილები როგორ გადანაწილდება? ასევე სტადიონის განათებასა და მოწყობაზეც რომ ისაუბროთ.

მირზა ბოლქვაძე: დასავლეთ ტრიბუნაზე ბიზნესკლასის ადგილები გავითვალისწინეთ. საპატიო სტუმრებისთვის 177 ადგილია გამოყოფილი. გულშემატკივრს შეეძლება აბონემენტის შეძენა. მოწესრიგებულია მედიის ლოჟა და საკომენტატორო ჯიხურები. განათება გარე ფასადის ელემენტებზე დავამონტაჟეთ, რაც ქართული ცეკვის, ხორუმის პრინციპით ავაგეთ. სტადიონს პანორამული რესტორანიც აქვს, რაც ითვალისწინებს რესტორნიდან თამაშების პირდაპირ ყურებას. ავტომობილების გასაჩერებლად 1200 ადგილია და ყველასთვის გამოყოფილია ცალკე საპარკინგე ადგილები, რაც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის.

POPSPORT: დაახლოებით როდის დასრულდება სამუშაოები?

მირზა ბოლქვაძე: სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულებით 2020 წლის ოქტომბერია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასეთი ტემპითი, 2020 წლის იანვარში, ან თებერვალში სტადიონის გახსნას შევძლებთ. სამუშაოების დასრულების შემდეგ, იგეგმება სტადიონის საზეიმო გახსნა, მაგრამ მანამდე იქნება სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც ბათუმის სტადიონს სათანადო კატეგორია მიენიჭება.

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი

კომენტარები

ბოლო ამბები