Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდომ კარიერის უმნიშვნელოვანეს ტიტულზე ისაუბრა
  • პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა

კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული, 5-ჯერ იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, პლუს ჩემპიონობები ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში - ეს, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ჯილდოების არასრული ჩამონათვალია. იუვენტუსის 34 წლის ვარსკვლავმა ‘მარკას’ დაჯილდოების დროს, პატარა გულშემატკივრებთან ინტერვიუს დროს საინტერესო რაღაცები თქვა.

'სულ სხვაა, როცა შენი ქვეყნისთვის ასეთ დიდ ტიტულს იგებ...'

“ყველა ტიტული მნიშვნელოვანია, კლუბებთან ერთად ყველაფერი მოვიგე, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონობა კი მაინც განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული მიღწევაა, რადგან სულ სხვაა, როცა შენი ქვეყნისთვის ასეთ დიდ ტიტულს იგებ. თანაც, ეს ყველაზე რთული იყო,” - განაცხადა CR7-მა.

ინტერვიუ მადრიდში, ‘მარკას’ დაჯილდოებაზე შედგა, რომელსაც რეალის ფანებიც ესწრებოდნენ. როდესაც ერთმა პატარა ფანმა რონალდოს უთხრა, რომ ძალიან დასწყდა გული, როცა კრიშტიანო რეალიდან წავიდა, პორტუგალიელმა ასე უპასუხა: “მეც!”

კრიშტიანომ აღნიშნა, რომ მადრიდი უფრო მეტად ენატრება, ვიდრე მადრიდში ცხოვრების დროს მანჩესტერი ენატრებოდა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი იუნაიტედში 2003-დან 2009 წლამდე თამაშობდა. “ორივე ქალაქი ძალიან მიყვარს, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო, მადრიდი უფრო მეტად მენატრება. აქ უფრო მეტი დრო გავატარე, ჩემი შვილებიც აქ გაიზარდნენ და ჩემი მეუღლეც აქ გავიცანი,” - თქვა რონალდომ.

მირალემ პიანიჩი, მატეის დე ლიხტი, ემრე ჯანი, კრიშტიანო რონალდო და მარიო მანჯუკიჩი

მომავალ სეზონში კრიშტიანოს მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება: “რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, იუვენტუსი, ბაიერნი, ლივერპული - აი, იმ გუნდების ჩამონათვალი, რომლებიც ჩემი აზრით ევროპის მთავარი საკლუბო ტიტულისთვის იბრძოლებენ, მაგრამ მჯერა, რომ ეს იუვეს ტრიუმფის წელი უნდა იყოს. იუვენტუსს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს! ბარსამ და რეალმა ბევრი ფული დახარჯეს და, შესაძლოა, ისინი არიან ფავორიტები. მანჩესტერ სიტიც. მაგრამ ფეხბურთში ფავორიტები ყოველთვის ვერ იგებენ! ბოლო წლებში ბარსელონა ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ვეღარ იგებს. ეს ადვილი არ არის!” - დასძინა კრიშტიანომ.

კომენტარები

ბოლო ამბები