Thumbnail

‘გარეთ გასვლა არ მინდოდა, სახლში ჩავიკეტე’ - პოჩეტინომ მძიმე დღეები გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფინალის წაგების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო 10 დღე სახლში იყო
  • ლივერპულთან მარცხის გამო ტოტენჰემის მწვრთნელი დღემდე დარდობს

ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან თითქმის ორი თვე გავიდა, მაგრამ ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ლივერპულთან მარცხის გამო დღესაც ისევე წუხს, როგორც მაშინ - საფინალო სასტვენის შემდეგ.

47 წლის მწვრთნელმა ‘დეილი მეილთან’ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფინალის შემდეგ, 10 დღე სახლში გაატარა: “გარეთ გასვლა არ მინდოდა!” - აღნიშნა არგენტინელმა.

პოჩეტინო ამბობს, რომ ლივერპულთან ფინალის წაგება მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მძიმე მომენტი იყო: “ათი დღის შემდეგ ცოტა უკეთ ვიყავი და გოლფიც ვითამაშე.”

მძიმე დღეების გადატანაში, პოჩეტინოს თავის ასისტენტ ხესუს პერესთან საუბრები დაეხმარა: “ვცდილობდით, წაგება გაგვეანალიზებინა, მაგრამ ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ ანალიზის გაკეთება ძალიან ძნელია. ასეთ დონეზე მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ფინალის წაგება საშინელებაა. 10-15 დღე უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი. თანაც, ორმაგად ძნელია, როცა ისვენებ და სახლში ხარ. ასეთ დროს მუდმივად იმ წაგებაზე ფიქრობ და ყურადღება ვერაფერზე გადაგაქვს,” - ამბობს ტოტენჰემის მწვრთნელი.

დღეს, სპურსი აუდის თასზე ასპარეზობას, მადრიდის რეალთან მატჩით იწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები