Thumbnail
  • გარეთ ბეილის ტრანსფერი ჩინეთში საბოლოოდ ჩაიშალა
  • რეალში იმედი აქვთ, რომ უელსელს ტოტენჰემი ან მანჩესტერ იუნაიტედი წაიყვანს

გარეთ ბეილი რეალისთვის პრობლემად იქცა. ესპანური სპორტული გაზეთი AS წერს, რომ უელსელი ვარსკვლავის ჩინეთში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა, რის გამოც ჯიანგსუ სუნინგმა ორშაბათს ანდერლეხტის თავდამსხმელი ივან სანტინი შეიძინა. მანამდე, BBC და ‘ტელეგრაფი’ წერდნენ, რომ ბეილის ტრანსფერი ჩინეთში რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჩაშალა - მას ჩინელების მიერ შეთავაზებული თანხა ეცოტავა.

მადრიდული გრანდი ბეილის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს. AS წერს, რომ ახლა უკვე არც ისაა გამორიცხული, რომ მარკო ასენსიოს ტრავმის გამო, მადრიდელებმა ბეილის შენარჩუნება გადაწყვიტონ. უელსელს რეალთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

მეორე ესპანური გამოცემის, ‘მარკას’ ინფორმაციით, რეალის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ ბეილს რომელიმე ინგლისური გრანდი შეიძენს. თანაც, როგორც ირკვევა, ჩინეთში გადასვლას გარეთის ოჯახიც ეწინააღმდეგებოდა - მიუხედავად იმისა, რომ მას ჩინელები კვირაში 1 მილიონ ფუნტს სთავაზობდნენ. პერესი იმედოვნებს, რომ ბეილისთვის სასურველ თანხას მას ან ტოტენჰემი გადაუხდის, ანაც მანჩესტერ იუნაიტედი გაუცვლის ბეილს პოლ პოგბაში, რომელიც რეალიც მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის უმთავრესი სამიზნეა.

ფაქტია, რომ ზიზუს ბეილის შენარჩუნება არ სურს. უელსელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა ფრანგულ გაზეთ Le Journal du Dimanche-ს განუცხადა: “ყველაფერი მარტივადაა, ზიდანს ბეილი არ უნდა. მათ ერთმანეთში არანაირი ურთიერთობა არ აქვთ და არც ჰქონიათ.”

ბოლო ინფორმაციით, რეალს ბეილი მიუნხენში დაგეგმილ აუდის თასზე არ მიჰყავს. ამხანაგური ტურნირი სამშაბათს იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები