Thumbnail

რეალი ისევ კრიზისშია - ზინედინ ზიდანს ჯერჯერობით ცუდი ბალანსი აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მადრიდის რეალი გულშემატკივრებს იმედებს უცრუებს
  • ზინედინ ზიდანის შედეგები დაბრუნების შემდეგ შემაშფოთებელია

მადრიდის რეალს, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი სეზონი ჰქონდა. გუნდში ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ, ‘სამეფო კლუბის’ გულშემატკივრებს სათანადო დონეზე დაბრუნების იმედი გაუჩნდათ, მაგრამ რეალი ჯერ ისევ კრიზისშია.

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, მადრიდულმა გრანდმა 3 ტესტმატჩი ჩაატარა და 90 წუთში ვერცერთი მოიგო: ბაიერნთან 1:3-ს არსენალთან 2:2 (5:4 პენალტების სერიაში) და ატლეტიკოსთან 3:7 (!) მოჰყვა. მართალია, ამხანაგურ მატჩებში წარუმატებლობით დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ რეალის ფანები შიშობენ, რომ ხულიენ ლოპეტეგისა და სანტიაგო სოლარის შემდეგ, ზიდანსაც ძალიან გაუჭირდება.

ზიზუმ გუნდი 11 მარტს ჩაიბარა და მას მერე რეალს კატასტროფული ბალანსი აქვს: 5 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება და ბურთების შეფარდება 24:23. ზიდანის დაბრუნების შემდეგ რეალმა მატჩების მხოლოდ 35,7 პროცენტი მოიგო და საშუალოდ ერთ მატჩში 1,5 ქულას აგროვებს, რაც სოლარის შედეგზე (2,1 ქულა საშუალოდ ერთ შეხვედრაში) უარესია.

თვითონ ზიზუ ჯერჯერობით არ ნერვიულობს: “ჩვენ ახლა მოსამზადებელ პროცესში ვართ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. 17 აგვისტოსთვის მზად უნდა ვიყოთ!”

რეალი ახლა მიუნხენში, აუდის თასზე იასპარეზებს: სამშაბათს, ნახევარფინალში ტოტენჰემს შეხვდება, ერთი დღის შემდეგ კი ან ფენერბაჰჩეს, ანაც ბაიერნს. მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს ედენ აზარი და კომპანია ზალცბურგს (7 აგვისტოს) დაუპირისპირდებიან, სეზონს კი ვიგოს სელტასთან გასვლითი მატჩით დაიწყებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები