- კარგი ამბავი კალათბურთის მოყვარულებისთვის
- NBA-ს ლეგენდას ზაზა ფაჩულიას აკადემია უმასპინძლებს
ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა, საქართველოში ჩამოდის!
41 წლის ნოვიცკის თბილისში ზაზა ფაჩულიას აკადემია უმასპინძლებს. აკადემიის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დალას მავერიკსის ლეგენდა ფაჩულიას აკადემიის მოთამაშეებს 3 აგვისტოს, 17:00 საათზე შეხვდება. გარდა ამისა, კალათბურთის მოყვარულებს საშუალება მიეცემათ, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს შეხვდნენ.
გერმანელმა ფორვარდმა NBA-ში 21 სეზონი გაატარა. 1998 წლიდან მოყოლებული, ნოვიცკი მხოლოდ დალასის ღირსებას იცავდა, ერთხელ კი გუნდთან ერთად მან ჩემპიონის ტიტულის მოგებაც შეძლო (2011 წელს). გერმანელმა 14-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", 12-ჯერ კი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.
2007 წელს დირკი გახდა პირველი ევროპელი, რომელიც NBA-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს. ამ დროისთვის ის ლიგის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერებს შორის მეექვსეა, ხოლო პირველი - ევროპელთა შორის.
აღსანიშნავია, რომ დირკ ნოვიცკი და ზაზა ფაჩულია დალას მავერიკსში 2015/16 წლების სეზონში ერთად თამაშობდნენ და მეგობრები არიან.
IG / ზაზას ტოპ 5
კომენტარები