Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრებში 5 მედალი მოიგო და კაცთა შორის გუნდური პირველი ადგილი არავის დაუთმო. ბოლო დღის ტრიუმფატორები ბექა ღვინიაშვილი და გელა ზაალიშვილი გახდნენ, რომლებმაც ოქროს მედლები მოიგეს. ლევან მატიაშვილის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქართველ ძიუდოისტებს ზაგრებში დავუკავშირდით და ტურნირის შეფასება ვთხოვეთ. გელამ იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა საოცარი ილეთით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი კომენტარიც სწორედ მან გააკეთა.

გელა ზაალიშვილი: "წინა ტურნირებმა მომცა რწმენა და დღეს ტატამზე გასვლამდე ვიცოდი, რომ ვინც უნდა შემხვედროდა, საბრძოლველად მზად ვიყავი. თან ბადეც არ მქონდა ნანახი, არ ვიცოდი, ვის შევხვდებოდი.

როცა ჰარასავასთან საჭიდაოდ შევედი, დაძაბული ვიყავი. ამ დაძაბულობამ და ემოციებმა დამღალეს, მაგრამ იმ მომენტში, როცა მას უსამართლო ვაზარი არ ჩაუთვალეს, საკუთარ თავს შემოვუძახე და დავიჯერე, რომ მოგება შემეძლო. იმ მომენტმა ნამდვილად გამომაფხიზლა."

ტატო გრიგალაშვილმა ზაგრებში ბრინჯაოს მედალი მოიგო. ქართველი ძიუდოისტი ამ შედეგით ბედნიერია და აცხადებს, რომ ნებისმიერი კონკურენციიისთვის მზად არის და გარდა ამისა, უხარია, რომ ყველა ტურნირზე სტაბილურად ასპარეზობს.

გიგა ბოჭოიძე (მწვრთნელი): "რთული ტურნირი იყო. ჩვენს ბიჭებს ძლიერი მეტოქეები შეხვდათ. მიხარია, რომ ჩემპიონობა მოიპოვეს. გარდა ამისა, ტატოსაც ჩემპიონად მივიჩნევ - ის ერთი შეცდომა უნებლიე იყო. იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭები მომავალში ყველაფერს გამოასწორებენ."

კომენტარები

ბოლო ამბები