Thumbnail
  • გერმანიის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო
  • ამ სეზონში ეს მისი მეორე გამარჯვებაა
  • სებასტიან ფეტელმა ბოლო ადგილიდან დაიწყო და მეორეზე გავიდა
  • პირველად ამ სეზონში: პოდიუმი მერსედესის პილოტების გარეშე

ჰოკენჰაიმრინგზე ეს, დიდი ალბათობით, ფორმულა 1-ის ბოლო რბოლა იყო, რომელიც მაქს ფერსტაპენმა მოიგო. ცუდ ამინდში ტრეკს ალღო ყველაზე უკეთ სწორედ რედ ბულის პილოტმა აუღო და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. მეორე ადგილზე, ყველასათვის მოულოდნელად, სებასტიან ფეტელი გავიდა. ფერარის გერმანელმა პილოტმა სტარტი ბოლო ადგილიდან აიღო და პოდიუმზე მოხვედრას არავინ უწინასწარმეტყველებდა. მესამე ადგილი კი სულაც ტორო როსოს პილოტმა დანიილ კვიატმა დაიკავა!

ლუის ჰემილტონი დიდხანს იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მერე აურია. 50-ე წრეზე მერსედესის პილოტი მე-12 გახლდათ, საბოლოოდ კი მე-11 ადგილი დაიკავა იმ 13 მრბოლელს შორის, რომლებმაც ფინიშს მიაღწიეს.

ამ სეზონში პირველად მოხდა ისე, რომ მერსედესის ვერცერთმა პილოტმა ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა!

ფეტელმა, რომელმაც ბოლო ადგილიდან დასტარტა, რბოლა შესანიშნავად დაიწყო. მოგვიანებით, ის დიდხანს იყო შუაში, მაგრამ ბოლო ფაზაში სხვა მრბოლელების გავარდნით, უსაფრთხოების მანქანის ფაზებითა და შესანიშნავი გასწრებებით ისარგებლა. ურთულეს პირობებში (წვიმდა და ტრასა სველი იყო) ბევრს არ გაუმართლა, ბევრმაც საბურავები ვერ გათვალა. ასე გამოეთიშა რბოლას მაგალითად შარლ ლეკლერი.

არ გაუმართლა მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰემილტონსაც, რომელიც ერთი შეხედვით ახლოს უნდა ყოფილიყო მორიგ ტრიუმფთან, მაგრამ 30-ე წრეზე მოსრიალდა და ბოლიდი დააზიანა. ამის გამო მან ბოქსებში 40 წამი დაჰყო, ტრასაზე კი მეხუთე პოზიციაზე დაბრუნდა. ამასთან, ბოქსებში არალეგალურად შესვლისთვის 5-წამიანი ჯარიმაც მიიღო. 34 წლის ბრიტანელმა მოგვიანებით შეცდომაც დაუშვა. ჰემილტონის უიღბლობით ყველაზე კარგად ფერსტაპენმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ მერსედესის მეორე პილოტი ვალტერი ბოტასი რბოლას 57-ე წრეზე გამოეთიშა.

საერთო ჩათვლაში ჰემილტონი ლიდერად დარჩა - მას 223 ქულა აქვს. მეორე ადგილზე ბოტასია 184 ქულით, მესამეზე კი - ფერსტაპენი (162). სებასტიან ფეტელი 141 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო რბოლა 4 აგვისტოს, ბუდაპეშტის უნგარორინგზე გაიმართება.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები