Thumbnail

ბასილაშვილი ჰამბურგის ჩემპიონია! ნიკამ ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა ევროპის ღია პირველობა მოიგო
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა - საქართველოს პირველმა ჩოგანმა ევროპის ღია პირველობა მოიგო და ჰამბურგის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა!

ბასილაშვილი პირველია როჯერ ფედერერის (2005) შემდეგ, ვინც ჰამბურგის ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო!

ჰამბურგში, როტენბაუმის ცენტრალურ კორტზე, 27 წლის მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) ევროპის ღია პირველობის (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 ) ფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა და 7:5, 4:6, 6:3.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ღია პირველობაზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა

21 წლის რუსი ჩოგბურთელი მსოფლიოს 78-ე ჩოგანია, მან ფინალისკენ მიმავალ გზაზე ტურნირის პირველი ჩოგანი, თვით დომინიკ ტიმი ჩამოიშორა, ნახევარფინალში კი სამ სეტში (4:6, 7:5, 6:1) დაამარცხა ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა (59).

პირველი სეტი

პირველი ორი გეიმი მოთამაშეებმა მარტივად მოიგეს, მესამე გეიმში კი, რუბლიოვმა ბასილაშვილის მოწოდება მოიგო და ბრეიკით წინ გავიდა. თუმცა ქართველმა მე-6 გეიმში უკუბრეიკის შესრულება შეძლო: ბასილაშვილმა მეხუთე (!) ბრეიკ პოინტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

თამაშში დაბრუნების შემდეგ, ნიკამ მეშვიდე გეიმი უკვე ძალიან ადვილად მოიგო და 4:3 დაწინაურდა. მე-7 გეიმში, რუბლიოვის მოწოდებაზე, ბასილაშვილს 4 სეტპოინტი ჰქონდა, მე-4 გამოიყენა და სეტი 7:5 მოიგო!

მეორე სეტი

ნიკამ მეორე სეტიც კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში აი, ასეთი ფორჰენდი შემოგვთავაზა:

1:1-ზე, მესამე გეიმში, რუბლიოვს ბრეიკ პოინტი ჰქონდა (40:30), მაგრამ ქართველმა საკუთარი მოწოდების წაგება არ დაუშვა და გეიმი შეატრიალა. სამწუხაროდ, ნიკამ ეს მეშვიდე გეიმში ვეღარ მოახერხა - რუბლიოვმა ბასილაშვილის მოწოდება მოიგო და 4:3 დაწინაურდა. მომდევნო გეიმი რუსმა ადვილად მოიგო და ანგარიში მის სასარგებლოდ 5:3 გახდა.

მე-9 გეიმში, საკუთარ მოწოდებაზე, ბასილაშვილმა ორი ეისის გაკეთება მოახერხა (ეს იყო მისი პირველი და მეორე ეისი ამ თამაშში) და სეტის გადარჩენის შანსი დაიბრუნა (5:4 რუბლიოვის სასარგებლოდ). სამწუხაროდ, შანსი შანსად დარჩა - რუსმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი 6:4 მოიგო.

მესამე სეტი

გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილმა შესანიშნავად დაიწყო: საკუთარ მოწოდების მოგების შემდეგ, რუბლიოვის მოწოდებაზე სამი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მესამე გამოიყენა, ბრეიკი აიღო და 2:0 დაწინაურდა. სამწუხაროდ, რუბლიოვმა მაშინვე შეძლო უკუბრეიკის გაკეთება, მაგრამ რუსის მოწოდებაზე, ნიკამ გენიალური გეიმი ჩაატარა და ბრწყინვალე ვინერსებით 3:1 დაწინაურდა.

ანგარიში 5:3 იყო, ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე გეიმი 40:0 წაიყვანა და სამმაგი მატჩპოინტი მიიღო! ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე მატჩპოინტი გამოიყენა და ზედიზედ მეორედ გახდა ჰამბურგის ჩემპიონი!

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ATP-ის ტურზე ეს მეხუთე ფინალი გახლდათ (3 მოგება, 2 წაგება). 2016 წელს ავსტრიულ კიცბიუჰელში წააგო ფინალი, 2017-ში - ამერიკულ მემფისში. 2018 წელს კი ორივე ფინალი მოიგო - ჰამბურგსა და პეკინში. ფინალამდე, მიმდინარე რეიტინგში, ბასილაშვილი 1 775 ქულით მე-18 პოზიციაზე იყო. მოგების შემდეგ, მას 1 975 ქულა დაუგროვდება და მე-16 პოზიციასაც დაიბრუნებს.

📺 ვიდეო: ფინალის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები