Thumbnail

28 ივლისს ჰამბურგში როტენბაუმის ცენტრალურ კორტზე 27 წლის მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) ევროპის ღია პირველობის (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 )ფინალში რუს ანდრე რუბლევს დაუპირისპირდება. 21 წლის რუსი მსოფლიოს 78-ე ჩოგანია, მან წინა დღით ტურნირის პირველი ჩოგანი დომინიკ ტიმი ჩამოიშორა, ახლა კი სამ სეტში დაამარცხა ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა (59) - 4:6, 7:5, 6:1. 

ATP-ის ტურზე ეს ჩოგბურთელები მხოლოდ ერთხელ, წლეულს დოჰას ტურნირის 1/16 ფინალში შეხვდნენ და ბასილაშვილმა, რომელიც ჰამბურგში მე-4 ნომრად არის განთესილი, 6:3, 6:4 მოიგო. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ტურზე მეხუთედ გავიდა ფინალში. აქამდე მან 2 მატჩი მოიგო და 2 დათმო. 2016 წელს ავსტრიულ კიცბიუელში წააგო ფინალი, 2017-ში კი - ამერიკულ მემფისში. 2018 წელს კი ორივე ფინალი მოიგო - ჰამბურგსა და პეკინში. 

მიმდინარე რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 1 775 ქულით მე-18 პოზიციაზეა, თუ ფინალს მოიგებს, მას 1 975 ქულა დაუგროვდება და მე-16 პოზიციასაც დაიბრუნებს. რაც შეეხება რუბლევს, ის მიმდინარე რეიტინგში უკვე 49-ე პოზიციაზეა და ტიტულის მოგების შემთხვევაში, სულაც 38-ეზე (დაახლოებით) გადავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები