Thumbnail
  • რეალ მადრიდი 3:7 ატლეტიკო მადრიდი
  • საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მადრიდული დერბი გაიმართა
  • დიეგო კოშტამ რეალს ოთხი გოლი გაუტანა, შემდეგ კი გააძევეს

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს მადრიდული კლუბები, რეალი და ატლეტიკო დაუპირისპირდნენ. აშშ-ში, ისტ-რუტერფორდში გამართულ შეხვედრაში, რომელსაც 57 ათასი მაყურებელი ჰყავდა, ჯამში ათი გოლი გავიდა - ატლეტიკომ რეალს ანგარიშით 7:3 მოუგო, მატჩის მთავარი გმირი კი დიეგო კოშტა გახდა.

"მეტლაიფზე" კოშტამ ანგარიში უკვე პირველ წუთზე გახსნა, 7 წუთის შემდეგ კი სხვაობა ორბურთიანი დიეგო სიმეონეს გუნდის ახალწვეულმა ჟოაო ფელიქსმა გახადა. მე-19 წუთზე თავდამსხმელი ანხელ კორეა გამოირჩა, რომელმაც 6 წუთით ადრე ალვარო მორატა შეცვალა. 

19 წლის  პორტუგალიელმა ატლეტიკოს მაისურით გატანა დაიწყო

ამის შემდეგ ისევ დიეგო კოშტას ჯერი დადგა, რომელმაც პოკერი მიითვალა - გოლები 28-ე, 45-ე და 51-ე წუთებზე გაიტანა. მაგრამ 30 წლის ფორვარდმა ვერც ამის შემდეგ მოისვენა, ტომა ლემარს გამოექომაგა და დანი კარვახალთან იჩხუბა. არბიტრმა მოედნიდან ორივე გააძევა.

მადრიდის რეალს გამოსაფხიზლებლად ერთი საათი დასჭირდა. ზინედინ ზიდანის გუნდიდან პირველმა ხოსე იგნასიო ნაჩომ (59’) შეაგდო და სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი თითო გოლით ქარიმ ბენზემა (პენალტით, 85’) და ხავიერ ერნანდესი (89’) გამოირჩნენ. შუალედში კი იყო ატლეტიკოს კიდევ ერთი გოლი, რომელიც 70-ეზე ნახევარმცველმა ვიტოლომ მიითვალა.

მადრიდის რეალისთვის ეს დღე ცუდი სხვა მხრივაც იყო - ტრავმა მიიღო და მოედანი 24-ე წუთზე დატოვა სერბმა ახალწვეულმა ლუკა იოვიჩმა, რომელიც ატლეტიკოს მეკარე იან ობლაკს შეეჯახა.

ზინედინ ზიდანის გუნდისთვის ეს ბოლო თამაში იყო საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე. რეალმა საზაფხულო ტურნირში გამოსვლა ორი მარცხით და ერთი გამარჯვებით (პენალტების სერიაში) დაასრულა. რაც შეეხება მადრიდის ატლეტიკოს, დიეგო სიმეონეს გუნდი აქ ბოლო შეხვედრას 10 აგვისტოს, იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დიეგო სიმეონე ამ მოგების გამო ღრუბლებში არ დაფრინავს

ზინედინ ზიდანი: "მაღალ დონეზე ათამაშება დაგვიგვიანდა და უკვე მე-8 წუთზე 0:2-ს ვაგებდით, საპასუხოდ კი ვერაფერი მოვიფიქრეთ. ყველაფერში მოვიკოჭლებდით, განსაკუთრებით ინტენსივობაში. მათ 7 გოლი გაგვიტანეს და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ფეხბურთელები ამას ხვდებიან და განიცდიან. მაგრამ ეს სეზონისწინა თამაშია, ფორმაში კი 17 აგვისტოსთვის უნდა ვიყოთ და მჯერა, კარგ სეზონს ჩავატარებთ".

დიეგო სიმეონე: "ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. არ ვჩქარობ და დღევანდელობით ვცხოვრობ. ეს კარგი თამაში იყო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის კლუბებს შორის სხვაობას რალურად ასახავს. ახლა მომდევნოს დაველოდებით". 

კომენტარები

ბოლო ამბები