Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ხოჭოლავას შახტარს მეტოქედ რომა ჰყავს..
  • ევროპალიგის 1/16 ფინალში კვერკველიას ლოკომოტივი ნიცას ხვდება, ანანიძის სპარტაკი - ატლეტიკს.

ევროთასებზე მოთამაშე კლუბებმა საგაზაფხულო ეტაპის 25-კაციანი განაცხადები წარმოადგინეს. სასიხარულოა, რომ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგას შემორჩენილი ქართველი ლეგიონერების გუნდების სიებში სამივე ჩვენებური მოხვდა. 

უპირველეს ევროპულ საკლუბო ტურნირში დავით ხოჭოლავა დონეცკის შახტარის ღირსებას დაიცავს, ევროპალიგაში კი საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივის, ხოლო ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკის განაცხადშია.

დონეცკის შახტარი ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში რომასთან იბრძოლებს - 21 თებერვალს მეტოქეს ხარკოვში მიიღებს, იტალიის დედაქალაქს კი 13 მარტს ესტუმრება.

24 წლის ქართველი მცველის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 4 მატჩია - 2-ჯერ ძირითადში იყო, 2-ჯერ კი შეცვლაზე ითამაშა. ხოჭოლავა 2-ჯერ სათადარიგოთა შორის დარჩა. 

ამ ზამთარს უკრაინული მედია ხოჭოლავას სხვა გუნდში იჯარით შესაძლო წასვლაზე წერდა, თუმცა ფაქტია, ქართველი ფეხბურთელი სეზონის განახლებისთვის კვლავაც შახტართან ერთად ემზადება.

საბა კვერკველიამ ლოკომოტივის ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა

საბა კვერველიას გუნდს - მოსკოვის ლოკომოტივს ევროპალიგის 1/16-ფინალში მეტოქედ ფრანგული ნიცა ჰყავს. რუსეთის ჩემპიონატის ლიდერი 15 თებერვალს სტუმრად ითამაშებს, 22-ში კი - მოსკოვში.

ქართველი მცველი რკინიგზელებისთვის შეუცვლელია, როგორც შიდა პირველობაზე, ისე ევროასპარეზზე, სადაც აქამდე გამართულ 6-ივე მატჩში თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ჯანო ანანიძე სპარტაკის შეკრებაზე მარბელიაში

რაც შეეხება ევროპალიგას შემორჩენილ კიდევ ერთ გუნდს, რომელშიც ქართველი თამაშობს, მოსკოვის სპარტაკს მეტოქედ ბილბაოს ატლეტიკი ჰყავს. რუსები ბასკებს 15 თებერვალს მოსკოვში მიიღებენ, 22-ში კი ესტუმრებიან. 

ანანიძე რუსეთის ჩემპიონებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. სპარტაკმა კი E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გამოსვლას ევროპალიგაში აგრძელებს. 

ჯანომ ვარჯიში უკვე განაახლა და გუნდთან ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება, თუმცა, რამდენად იქნება ატლეტიკთან თამაშისთვის მზად, ძნელი სათქმელია.

კომენტარები

ბოლო ამბები