Thumbnail

RWC 2019 | სამხრეთ აფრიკა - მესამე მსოფლიო თასის მოსაგებად

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია, დემე ცალუღელაშვილი

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების გაცნობას. სამხრეთული რაგბი ჩემფიონშიფის დაწყების გამო, გადავწყვიტეთ ამჯერად B ჯგუფი მიმოგვეხილა, რომელშიც ამ ტურნირის ორი ბობოლა - ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა გამოდის. პირველი რიგში სამხრეთ აფრიკა.

ისტორიული პანორამა

სამხრეთ აფრიკული რაგბის ისტორია მე-19 საუკუნეში, ბრიტანულ კუნძულებთან (ახლანდელი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) დაპირისპირებით იწყება.

1891 წელს ბრიტანელები სამხრეთ აფრიკას პირველად ეწვივნენ და12 შეხვედრა გამართეს.  
ბოკე ხშირად ახალ ზელანდიას და ავსტრალიას ეთამაშებოდა, თუმცა საერთო ტურნირს საფუძველი მხოლოდ 1996 წელს ჩაეყარა და “სამი ერი” ეწოდა.

ამ ფორმატში ტურნირი 16 წელი გაგრძელდა და აფრიკელებმა მისი მოგება მხოლოდ სამჯერ მოახერხეს. 

2012 წლიდან ჩემპიონატს არგენტინა დაემატა და სახელიც Rugby Championship-ად გადაკეთდა. 7 წლის განმავლობაში ტურნირი 6-ჯერ ახალმა ზელანდიამ, ერთხელ კი ავსტრალიამ მოიგო. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, ის ჯერ-ჯერობით უტიტულოა.

აპარტეიდი

1960 წელის 21 მარტს, შარპევილის პოლიციასთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც სეგრეგაციულ კანონს აპროტესტებდნენ, სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს, როგორც შემდეგ გაირკვა, მათ შორის გაქცეულ ადამიანებს პოლიცია ზურგში ესროდა. ჯამში დაიღუპა 69 და დაიჭრა 180 მომიტინგე.

შარპევილის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მთელი მსოფლიო სამხრეთ აფრიკული აპარტეიდის საწინააღმდეგო პროტესტმა მოიცვა, რაც რაგბზეც აისახა. 

150 000 ხელმოწერა შეგროვდა, რათა ახალი ზელანდია სამხრეთაფრიკულ ტურნეში არ წასულიყო, თუმცა ამის მიუხედავად, ზელანდიელები აფრიკას მაინც ეწვივნენ.

აპარტეიდულ რეჟიმზე ზეწოლა გრძელდებოდა, შესაბამისად იზრდებოდა ზეწოლა იმ გუნდებზეც, რომლებიც სამხრეთაფრიკელებთან სათამაშოდ ჩადიოდნენ.

1976 წელს, სოვეტოს სტუდენტური გამოსვლების დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 176-დან 700 ადამიანამდე დაიღუპა და ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკა სპორტულ იზოლაციაში მოექცა.

მიუხედავად ამ მოვლენებისა, ახალი ზელანდია აფრიკაში სათამაშოდ მაინც ჩავიდა, რასაც სერიოზული პროტესტი მოჰყვა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ახალი ზელანდიის ოლიმპიური თამაშებიდან მოკვეთას ითხოვდნენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, 28 ქვეყანამ მონრეალის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა.

1977 წელს ქომონველსის ქვეყნებმა საერთო შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ზემოთხსენებულ ქვეყნებს ავალდებულებდა, რომ სამხრეთ აფრიკასთან ყველანაირი სპორტული ღონისძიებები შეეწყვიტათ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს B ჯგუფს?

  • ახალი ზელანდია
  • სამხრეთ აფრიკა
  • იტალია
  • ნამიბია
  • კანადა

მიუხედავად უმაღლეს დონაზე შეთანხმებისა, ის არაერთხელ დაირღვა. მაგალითად 1980 წელს სამხრეთ აფრიკას ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები ეწვივნენ, ხოლო თავად აფრიკელები 1981 წელს ტურნეთი იყვნენ ახალ ზელანდიაში.

ამის პარალელურად, 1977 წელს სამხრეთ აფრიკა იძულებული გახდა სეგრეგაციის გამო ცალ-ცალკე არსებული რაგბის კავშირები გაეერთიანებინა, ხოლო 1981 წელს ეროლ ტობიასი გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც სპრინგბოქსის მაისურით ითამაშა.

1985 წელს, ახალი ზელანდიის სასამართლომ ოლ ბლექსს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება აუკრძალა, თუმცა ზელანდიელები აფრიკაში არაოფიციალური სტატუსით მაინც გაემგზავრნენ და მატჩები ახალი ზელანდიის კავალიერსის სახელით ჩაატარეს.

აპარტეიდის გამო, სამხრეთ აფრიკას 1987 და 1991 წლის მსოფლიო თასებზე მონაწილეობაც არ მიუღია.

1995 წლის მსოფლიო თასი

პირველი ორი მსოფლიო თასის გამოტოვების პარალელურად, 1991 წელს, სამხრეთაფრიკული აპარტეიდი დაემხო და პრეზიდენტი ნელსონ მანდელა გახდა, ხოლო მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ აფრიკელებს მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლება მისცა.

ეს იყო პირველი დიდი ტურნირი, სადაც სამხრეთ აფრიკელები ახალი დროშითა და ჰიმნით მონაწილეობდნენ, ხოლო გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი შავკანიანი, ჩესტერ ვილიამსი თამაშობდა.

ფინალში აფრიკელებმა ზელანდიელები დამატებით დროში, ჯოელ სტრანსკის არეკნით დაამარცხეს. ხოლო გამარჯვებულთა ბურ კაპიტანს, ფრანსუა პინარს, თასი ნელსონ მანდელამ გადასცა.
ამ მსოფლიო თასზე 2009 წელს ფილმი Invictus-იც გადაიღეს, სადაც ნელსონ მანდელას როლს მორგან ფრიმანი, ხოლო ფრანსუა პინარისას მეთ დეიმონი ასრულებენ.

როგორც ამბობენ, ფინალის შემდეგ გამართულ ბანკეტზე, აფრიკელებმა ზელანდიელებს წამოაძახეს, რომ პირველი ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონები სწორედ ისინი იყვნენ, რაზეც გაბრაზებულ ახალზელანდიელებს ბანკეტიც კი დაუტოვებიათ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზელანდიელებს ყველაზე მეტად თამაში სწორედ სამხრეთ აფრიკელებთან უჭირთ და ყველაზე ცუდი მოგება-წაგების ბალანსი სწორედ მათთან აქვთ.

სპრინგბოქსმა 95 წლის წარმატება 2007-შიც გაიმეორა, როცა ბრაიან ჰაბანას წინამძღოლობით ფინალში ინგლისელები დაამარცხეს და მსოფლიო თასი ისტორიაში მეორედ შემართეს.

ქურციკები

ქურციკი სამხრეთ აფრიკის მაისურზე პირველად 1906 წელს დაიტანეს. აპარტეიდის დასრულებისთანავე, სამხრეთ აფრიკელებმა ქურციკის, როგორც თეთრების და აპარტეიდის სიმბოლოს ყველა სპორტის სახეობიდან მოშორება და მის მაგივრად სამეფო პროტეას გამოყენება გადაწყვიტეს. 

ასე მოხდა მაგალითად კრიკეტის ნაკრების შემთხვევაში, როცა მათი ლოგო შეიცვალა და სახელად პროტეები დაერქვათ. 

მართალია რაგბის კავშირის ოფიციალურ ლოგოზე სამეფო პროტეა გამოჩნდა, თუმცა გუნდს მაინც სპრინგბოქსი ერქვა და მაისურზეც ქურციკი იყო გამოსახული. თუმცა, კრიტიკოსებს და ქურციკის მაისურიდან გაქრობის იდეის მომხრეებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. კამათმა აპოგეას 1994 წელს მიაღწია და პირადად ნელსონ მანდელას გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკის მაისურს დღესაც ქურციკი ამშვენებს.

1995 წლიდან 2011 წლის ჩათვლით, სამხრეთ აფრიკის მსოფლიო თასის მაისურებს ქურციკისა და სამეფო პროტეას გაერთიანებული ლოგო ამშვენებდა. 2011-ში კი ქურციკმა მკერდიდან მარცხენა მკლავზე გადაინაცვლა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა როგორც აფრიკელ, ისე მთელს მსოფლიოში სპრინგბოქსის გულშემატკივრებში, თუმცა, ეს ტრადიცია უკვე 12 წელია გრძელდება და წელს, იაპონიაში, ქურციკს ისევ მარცხენა მკლავზე ვიხილავთ.

გათანაბრების პოლიტიკა

თანამედროვე სამხრეთ აფრიკა სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას.

მნიშვნელოვნად მოიმატა კრიმინალის დონემ, ეროვნული ვალუტა უფასურდება, ხოლო ყველაზე მდიდარი ფენა, თეთრკანიანი მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის. რა თქმა უნდა, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები აისახა რაგბზეც და აფრიკელი მოთამაშეები მასიურად ევროპაში მოდიან.

რაც შეეხება რაგბის კავშირს, მათ მიერ გამოცხადებულია, ე.წ. გათანაბრების პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნაკრებში თეთრკანიანი და შავკანანიანი მორაგბეების რაოდენობა უნდა გათანაბრდეს.

ამ იდეას ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. მათ შორის, ბოკეს კაპიტანი, სია კოლისი, რომელიც თვლის, რომ გუნდში მორაგბეები დამსახურების მიხედვით უნდა ხვდებოდნენ და არა კანის ფერის გამო.

`არამგონია, რომ მას [ნელსონ მანდელას] კვოტებისთვის მხარი დაეჭირა. ერთადერთი, რაზეც მანდელა ზრუნავდა, უკეთესი სამხრეთ აფრიკა იყო. ასეთ საქმეში რიცხვები წინასწარ არ უნდა განსაზღვრო. არ მინდა ნაკრებში კანის ფერის გამო ამიყვანონ`- ამბობს კოლისი.

ამ განცხადების მერე, კოლისი სამხრეთ აფრიკაში ბევრმა გააკრიტიკა და საკუთარი რასის ღალატში დაადანაშაულა, თუმცა სია დღემდე საკუთარ აზრზე რჩება, რომ ნაკრებში თამაში უნდა დაიმსახურო, კვოტები არასწორია და კანის ფერს არანაირი მნიშვნელობა აქვს.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მიუხედავად კავშირის და ნაკრების ხელმძღვანელობის გამოცხადებული პოლიტიკისა, გადამწყვეტ შეხვედრებში კვოტები არავის ახსოვს და თითქმის ყოველთვის, 23 კაციან რაზმში საუკეთესოები ხვდებიან.

საკლუბო რაგბი

სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატი ‘ქარის თასი’ ერთ–ერთი უძველესი პროფესიონალური სარაგბო ტურნირია. ტურნირი ძალიან სანახაობრივი, ეგზოტიკური და ბევრი ლეგენდარული მორაგბის სამჭედლოა. 

ბოლო წლებში აფრიკიდან ევროპაში მოთამაშეების კატასტროფული გადინების გამო,  სათამაშო დონე მნიშვნელოვნად დაეცა. სამხრეთ აფრიკა ევროპული კლუბებისთვის მაღალი დონის მორაგბეების ყველაზე დიდი მიმწოდებელია. 

ქარის თასის ფლაგმანი ვესტერნ პროვანსია, კონცხის გუნდს ტურნირი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული.. სწორედ მათ ბაზაზეა სუპერ რაგბის სტორმერსი შექმნილი. სუპერ რაგბის კიდევ ერთი კლუბის, შარქსის საბაზო გუნდი დურბანული შარქსია.

ტურნირზე გაუტენგის პროვინცია ორი კლუბით არის წარმოდგენილი– პრეტორიის ბლუ ბულზით და იოჰანესბურგის გოლდენ ლაიონზით. 

ქარის თასზე ასპარეზობს ამ ტურნირის მშვენება ფრი სტეით ჩიტაზი, რომელიც წარსულში სუპერ რაგბში, ამჟამად კი კელტურ ჩემპიონატ პრო 14-ში მოასპარეზე ბლუმფონტეინის ჩიტაზის საბაზო გუნდია. და ბოლოს ორი მაჩანჩალა, თუმცა  თვალსასეიროდ მობურთალი პუმასი და ხრიკვასი. 

ქარის თასს ბევრი აფრიკელი ვარსკვლავი იყენებს ტონუსში სამყოფად და საშემოდგომო ტურნესთვის მოსამზადებლად. პირველ დივიზიონში 8 კლუბია. ტურნირზე სათამაშოდ ხშირად უცხოურ გუნდებსაც იწვევენ. მაგალითად, წელს არგენტინა XV დაიმატეს, ადრე კი ნამიბიურ და ზიმბაბვურ გუნდებსაც უთამაშიათ.

საერთაშორისო საკლუბო ასპარეზზე აფრიკელები სუპერ რაგბში ოთხი ( ბულზი, სტორმერსი, შარქსი, ლაიონზი) და კელტურ პრო 14–ში ორი ( ჩიტაზი და კინგზი) კლუბით არიან წარმოდგენილი. პრეტორიის ბლუ ბულზი სუპერ რაგბის ორგზის ჩემპიონიცაა. თუმცა, მოთამაშეთა გადინება სუპერ რაგბის კლუბებზეც აისახა, წელს აფრიკული დივიზიონი არგენტინულმა იაგუარებმა მოიგეს.

სათამაშო სტილი

მიუხედავად იმისა, რომ ქურციკების თამაში ბოლო 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა, რაც აფრიკულ რაგბში ფერადკანიანი მორაგბეების რაოდენობის ზრდით აიხსნება, აფრიკელების სტილი მაინც გამორჩეული და უნიკალურია. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად:

`თეთრი` აფრიკა – ძველი ბოკეს სათამაშო სტილი ნამდვილად არ დატოვებდა რაგბის ქომაგს გულგრილს. ის გუნდი გამოირჩეოდა თავისი შეუპოვარი ხასიათით. დიდი, ჯანიანი და აგრესიული მორკინალებით, რომლებსაც ღია თამაშში და სტატიკაში თანაბარი წარმატებით შეეძლოთ თამაში. განსაკუთრებით დაუნდობელი და მტკივნეული მათი რაქში და ბოჭვის არეში თამაში იყო.

 წარმატებით ახერხებდნენ მეტოქის დაჩეჩქვას, ხოლო მათი მოლი მსოფლიოში საუკეთესო იყო. აღსანიშნავია მათი ძალიან ჭკვიანი და განსწავლული ღერძი და ბექები, რომლებიც თავიანთი ათლეტურობით გამორჩეულები იყვნენ. ეს გუნდი იყო სამხრეთული და ევროპული რაგბის იდეალური ჰიბრიდი.

`ფერადი` აფრიკა - ფერადკანიანების მატებამ ბოკეს გარკვეული კრეატიული შტრიხები და სისხარტე შესძნა, თუმცა ზოგიერთ კომპონენტებში უკუსვლა აშკარად იგრძნობა. თუნდაც ბოჭვის არეში ნაკლები აგრესია და მტკივნეული რაქის შერბილება. 

შეიცვალა ხასიათიც, ფერადი ბოკე ნამდვილად აღარ არის ის მრისხანე და ხისტი გუნდი, როგორიც ადრე იყო.  თუმცა ნელ-ნელა მიდის ამ გუნდის დახვეწა-დაბალანსების პროცესი და ფერადკანიანი მორაგბეების შერწყმას ბოკეს სტილთან ნამდვილად აქვს პერსპექტივა, რასაც ბევრი აფრიკელი თუ უცხოელი სპეციალისტიც აღნიშნავს. რაგბის ქომაგს დიდი იმედი აქვს, რომ მსოფლიო თასზე ძველებურად მებრძოლ და თან მობურთალ ბოკეს იხილავს.

საკვანძო მორაგბეები

მალკოლმ მარქსი - ბოკეს უდაო ლიდერი და მსოფლიოს საუკეთესო კვაჭი. დიდი მებრძოლი და ყველა საქმეში დაუღალავია. ძლიერი მბოჭავი და რაქებში ღლეტვის დროსაც ძალიან ეფექტურია. მობილურია და არც ბურთაობასთან არის მწყრალად. იაპონიის მსოფლიო თასი მისთვის პირველი იქნება.

ფაფ დე კლერკი - მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო 9 ნომერი. ფაფს უკვე აყენებენ ლეგენდარული აფრიკელი ცხრების, იუსტ ფან დერ ვესტჰოიზენის და ფური დუ პრიას გვერდით. ცხრა ნომრისთვისაც კი პატარა ტანი აქვს, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სუპერ რაგბშიც და მერე ევროპაშიც, უმაღლეს დონეზე ეთამაშა.

ებენ ეცებეთი - ტიპური აფრიკელი მეორეხაზელი. დიდი, ძლიერი და აგრესიული. თანაბრად ძლიერია ყველა სათამაშო კომპონენტში. მარქსისგან და დე კლერკისგან განსხვავებით, მას მსოფლიოზე თამაშის გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სია კოლისი - ბოკეს პირველი შავკანიანი კაპიტანი და თანამედროვე აფრიკული რაგბის სიმბოლოა. დაუღალავი და მშრომელი მესამეხაზელია.  კოლისი არავის უნახავს დანებებული და ყურებჩამოყრილი. ის ნამდვილად არ არის ბოკეში კვოტით მოხვედრილი.

ჰანდრე პოლარდი - ბულზის 25 წლის მგეზავი, რომელიც ბოლო წლებში ფაქტიურად უალტერნატივოა. სუპერ რაგბის ერთ–ერთი საუკეთესო მექულეა, თუმცა მსოფლიოს მერე ევროპაში მიდის. მის კარგ თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მითუმეტეს, 2015 წელს მან მსოფლიოზე ითამაშა, 93 ქულაც გააკეთა და ფასდაუდებელი გამოცდილებაც მიიღო.

აფივე დიანტი – აფრიკელთა უდიდესი ტალანტი, რომელსაც მომავალ ბრაიან ჰაბანადაც კი მოიხსენიებენ. ლაიონზის ფრთამ მოახერხა და ღარიბი უბნიდან, 2 წელიწადში ბოკეს ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი.  24 წლის ფრთა შესაშური სალელოვე ალღოთი, სისხარტით, ფინტით და საოცარი ხელის ტექნიკით გამოირჩევა. ბოლო სეზონში საგრძნობლად გააუმჯობესა დაცვაში თამაშიც.

ვილი ლე რუ – აფრიკელთა ევროპაში გადახვეწილი ფულბექი, რომელმაც ქურციკებს წინა მსოფლიოზეც უფულბეკა. გამოირჩევა მოედნის კარგი ხევით და ტაქტიკური დარტყმებით, ძალიან კარგია შეტევაში. მის კარგ თამაშზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.

სამწვრთნელო შტაბი

ალისტერ კუციას არც თუ ისე წარმატებული მუშაობის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ჭკვიანი და გამოცდილი რასი ერასმუსი დაინიშნა. 

46 წლის სპეციალისტი წარმატებით მუშაობდა როგორც სამშობლოში, ასევე ევროპაში (ჩიტაზი, სტორმერზი, მანსტერი). ის ნაკრებში ზომიერი კვოტირების მომხრეა. 

რასი ძველი სპრინბოკია და მის გაწვრთნილ ნაკრებში აშკარად იგრძნობა ძველი ბოკეს ხელწერა. ერასმუსმა უკვე ძალიან ბევრი მორაგბე გამოცადა და წლევანდელ რაგბი ჩემპიონშიპსაც ძირითადად მსოფლიოსთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. 

მის სტაფში ხშირად იცვლება შემადგენლობა, იმის მიხედვით, თუ რა კომპონენტია დასახვეწი. მაგალითად, შარშან ივნისის ტესტებსა და რაგბი ჩემპიონშიპში, ლაიონსის მტავარი მწვრთნელი, სვის დე ბრუინი მიიწვია.

ლეგენდა

აფრიკელებიდან ერთი მოთამაშის გამორჩევა ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა არჩევანი ბოკეს ლეგენდარულ ცხრა ნომერ, 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონ იუსტ ფან დერ ვესტჰოიზენზე გავაკეთეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მისი პოზიციისთვის საკმაოდ მაღალი (188 სმ) იყო, ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთ უდიდეს მორაგბედ ჩამოყალიბებულიყო.

იუსტს მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო - ჰქონდა იდეალურად ზუსტი პასი, სისწრაფე, გამჭრიახობა და დაცვაშიც შეუდარებელი იყო. ნაკრებში გატანილი აქვს 38 ლელო, რაც 9 ნომერის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, უბრალოდ ფანტასტიკური მაჩვენებელია.

მისი ბოჭვა მსოფლიო თასის ფინალში ჯონა ლომუს წინააღმდეგ, თამაშის ერთ–ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდია. სამწუხაროდ, ფან დერ ვესტჰოიზენი 2017 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

გზა მსოფლიო თასზე

სამხრეთ აფრიკელები B ჯგუფში, მათ მთავარ მეტოქესთან, ახალ ზელანდიასთან ერთად არიან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ერთადერთი სერიოზული მეტოქე ჯგუფში სწორედ ოლ ბლექსია. რადგან დანარჩენი სამი გუნდი იტალია, ნამიბია და კანადაა, რომლებსაც ბოკე მარტივად გაუსწორდება.

მეოთხედფინალში მათი მოწინააღმდეგე A ჯგუფის რომელიმე ბინადარი (სავარაუდოდ, ირლანდია, შოტლანდია, იაპონიიდან ერთ-ერთი) იქნება, ხოლო ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, C და D ჯგუფების რომელიმე ბინადარს დაუპირისპირდებიან

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

ქურციკებს ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიოზე ვეთამაშეთ და ეპიზოდებში საკმაოდ კარგი ბრძოლაც გავუმართეთ. მსოფლიო თასზე ჩვენების პირველი ლელო, დავით დადუნაშვილმა სწორედ აფრიკელებს დაუდო.

სხვადასხვა ფორმაციის აფრიკის ნაკრებთან (ძირითადად ქარის თასის ქვედა დივიზიონის ნაკრები), თბილისის და ბუქარესტის ტურნირებზე ბევრჯერ გვითამაშია. მათგან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი 2001 წელს, სამხრეთ აფრიკის ნამდვილი ‘ა’ ნაკრების სტუმრობა იყო, როდესაც ბოკემ თბილისში რამდენიმე ვარსკვლავი ჩამოიყვანა (ბაკის ბოთა, ლაბუსხანხი, კონრადი). კლოდ სორელის ნაკრებისთვის საუკეთესო სწორედ ეს თამაში გამოდგა. აფრიკელებს დიდი ბრძოლა გავუმართეთ და მხოლოდ 17:31 დავმარცდით.

ჩვენი პროგნოზი

ქურციკებს ჯგუფიდან გასვლის პრობლემა არ ექნებათ და ოლ ბლექსთან თამაშის შედეგი, გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა. ბოკე ფავორიტი იქნება მეოთხედფინალშიც, A ჯგუფიდან გასულ ნებისმიერ მეტოქესთან.

აფრიკელთა ნახევარფინალში გასვლის შანსს 60%-ით, ფინალში გასვლის 35%-ით, ხოლო ჩემპიონობის შანსს 20%-ით შევაფასებდით.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

 

კომენტარები

ბოლო ამბები