Thumbnail
  • ზაგრების გრან პრის პირველ დღეს ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა 
  • ეთერ ლიპარტელიანი 1/2-ფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა
  • თემურ ნოზაძემ და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა რეპეშაჟში მოგება შეძლეს     

ზაგრებში დღეს დაწყებულ გრან პრიზე ასპარეზობაში ოთხი ქართველი ძიუდიოსტი ჩაება - ერთი ვაჟი და სამი გოგონა, მათგან სამი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ვაჟთა შორის 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე წარსდგა, გოგონათა შეჯიბრში კი ერთბაშად სამი მონაწილე გვყავდა - ნატალია ყიფშიძე (-48), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (-52) და ეთერ ლიპარტელიანი (-57). ბრძოლას ნაადრევად მხოლოდ ყიფშიძე გამოეთიშა, ლევიცკა-შუკვანი, ლიპარტელიანი და ნოზაძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.

თემურ ნოზაძემ, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში სენეგალი მუსა დიოპი დააიპონა. ქართველმა ძიუდოისტმა მესამე წრეში სამხრეთკორეელ ჰიუკ ინ ჩოის ვაზარით აჯობა, 1/4-ფინალში კი ეშლი მაკკენზისთან წააგო. სანუგეშოში ნოზაძემ თურქი მიჰრაქ აკუსი დაამარცხა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანს დაუპირისპირდება.

📺 ნოზაძის ეფექტური გდება დიოპისთან

ნახევარფინალამდე გააღწია ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც იაპონელ მომო ტამაოკისთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის სამხრეთკორეელ იანდი კიმთან იჭიდავებს. ეთერი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მას კანადელი ხრისტა დეგუჩი არ გამოუცხადდა. შემდეგ ლიპარტელიანმა ბრიტანელ ლელე ნაირნეს და ჩინელ ვენ ჩანგს მოუგო.

📺 ლიპარტელიანის გამარჯვება ჩანგთან

ტეტიანია ლევიცკა-შუკვანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში მან გვინეა-ბისაუს წარმომადგენელ ტაკიანა ცესარს, მესამეში კი კანადელ ეკატერინა გუიკას აჯობა. 1/4-ფინალში ტეტიანამ იაპონელ ნაცუმი ცუნოდასთან წააგო, რეპეშაჟში კი ბელგიელ ამბერ რიჰეულს ვაზარით აჯობა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ტეტიანას მეტოქე ბელგიელი შარლაინ ვან სნიქი იქნება.

📺 ლევიცკა-შუკვანის მოგება გუიკასთან

ნატალია ყიფშიძემ სასტარტო შეხვედრა იტალიელ ფრანჩესკა მილანისთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები