Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:2, 6:3 ჟერემი შარდი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგს ზედმეტი დაძაბვის გარეშე აჯობა
  • ნიკას მეტოქე 1/2-ფინალში კრაინოვიჩი-ზვერევის წყვილში მოგებული იქნება

ჰამბურგში მიმდინარე ევროპის ღია პირველობის (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 ) მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (16) ფრანგი ჟერემი შარდი (77) ორ სეტში, ძალიან იოლად დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც სერბ ფილიპ კრაინოვიჩსა და გერმანელ ალეკსანდრ ზვერევს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა, რომელიც ჰამბურგში მე-4 ნომრად განთესეს, შარშან გერმანიაში ტიტული მოიპოვა, რის გამოც 520 ქულა აქვს დასაცავი და იმისთვის, რომ რეიტინგის TOP 20-ში ადგილი არ დაკარგოს, ფინალში მაინც უნდა გავიდეს. 

აღსანიშნავია, რომ აქამდე ბასილაშვილსა და შარდის ერთმანეთთან ორჯერ ჰქონდათ ნათამაშები და ორივეჯერ მოგება ფრანგმა მოახერხა, ამჯერად კი 27 წლის ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა თავიდანვე ძალიან აშკარა იყო და მატჩი მისივე გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრამ საათსა და 9 წუთს გასტანა. 

ნიკა თავიდან 3:0 დაწინაურდა და პირველ სეტში მეტოქეს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო.

პირველ სეტში ნიკამ თავის მოწოდებაზე 4-ივე გეიმი მოიგო, მეტოქისაზე - 2. დაუშვა 1 ორმაგი შეცდომა, შეასრულა 2 ეისი და 4-იდან 2 ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა.

კორტზე მდგომარეობა დიდად არც მეორე სეტში შეცვლილა. ჟერემი შარდმა პირველი გეიმი ნიკას მოწოდებაზე კი მოიგო, მაგრამ მომდევნო დათმო. ფრანგმა თავისი მოწოდებაზე კიდევ ერთხელ 3:4-ზე წააგო, მატჩ-პოინტი კი უკვე ბასილაშვილის იყო.

მეორე სეტში ნიკამ ერთი ეისი მოაწოდა, დაუშვა 2 ორმაგი შეცდომა, 3-იდან 2 ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა. 

ჰამბურგის ტურნირის 1/4-ფინალამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსა (6:4, 3:6, 6:3) და ბოლივიელ უგო დელიენს (6:4, 6:3) აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები