Thumbnail

მეორე ტრაგედია ერთ კვირაში! კიდევ ერთი მოკრივე გარდაიცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არგენტინელ მოკრივეს წესით არ უნდა ებრძოლა
  • უგო სანტილიანმა გერმანელების რჩევა არ გაითვალისწინა
  • 23 წლის არგენტინელი აბრეუსთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა

კრივის სამყარო ბოლო ერთ კვირაში მეორე ტრაგედიამ შეძრა! 28 წლის რუსი მაქსიმ “Mad Max” დადაშევის, 23 წლის არგენტინელი ალფრედო “Dinamita” სანტილიანიც გარდაიცვალა!

ეს არა მარტო ტრაგედია, არამედ სკანდალიცაა! საქმე ისაა, რომ სანტილიანმა 15 ივნისს, ჰამბურგში არტიომ არუთუნიანთან (28 წლის) იბრძოლა, ჩხუბი იმდენად სასტიკი იყო, არგენტინელმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ გერმანელებმა მას დროებით რინგზე გასვლა აუკრძალეს.

“აბსოლუტური სიგიჟეა ის, რომ ეს ბიჭი ასე მალე გაიყვანეს რინგზე. არუთუნიანთან ბრძოლის შემდეგ, სანტილიანს მისივე უსაფრთხოებისთვის, 30 ივლისამდე რინგზე გასვლა ავუკრძალეთ!” - აცხადებს გერმანიის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი თომას პიუტცი.

მიუხედავად უსაფრთხოების მიზნით დისკვალიფიკაციისა, სუპერმსუბუქწონიანმა მოკრივემ 20 ივლისს, სან ნიკოლასში (არგენტინა) მორიგი ბრძოლა ჩაატარა. მისმა მწვრთნელმა ორლანდო ფარიასმა იცოდა აკრძალვის შესახებ და მასთან ერთად არ იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ის ახლობლებმა აიძულეს, მიუხედავად გერმანელების რჩევისა, რინგზე მაინც გასულიყო.

30 წლის ურუგვაელ ედუარდო “El Loco” აბრეუსთან დუელი ფრედ დასრულდა, აბრეუმ ტიტული შეინარჩუნა, სანტილიანმა კი თავის კუთხეში გონება დაკარგა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმები მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდნენ. მას თირკმელები გაეთიშა, სასწრაფო ოპერაციის შემდეგ კი კომაში ჩავარდა. ამის შემდეგ, მას ფილტვმაც უმტყუნა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

📺 ვიდეო: ბრძოლის დასრულების შემდეგ, სანტილიანმა გონება დაკარგა

გერმანელი ექსპერტების თქმით, არგენტინელს წესები რომ დაეცვა და რინგზე 30 ივლისამდე არ გასულიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა: “შოკისმომგვრელი ფაქტია, სკანდალია! ჩვენი წესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს, მაგრამ არგენტინელ სპორტსმენს ვერ გავაკონტროლებდით. არუთუნიანთან ბრძოლაში მან ძალიან მძიმე დარტყმები მიიღო და მის ტვინს ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი სჭირდებოდა. როდესაც მოკრივე ასე მცირე დროის შემდეგ რინგზე გადის, ეს სიცოცხლისთვის საშიშია!” - ამბობს პიუტცი.

📺 ვიდეო: სანტილიანის და აბრეუს ბრძოლა

📋 მეტი ამ თემაზე: 

 

კომენტარები

ბოლო ამბები