Thumbnail
  • ჩიხურა 1:1 აბერდინი
  • დინამო არენაზე არბიტრმა ორი 11-მეტრიანი დანიშნა
  • საჩხერელებს ამ თამაშის მოგების შანსიც მაინც ჰქონდათ
  • საპასუხო მატჩი შოტლანდიაში 1-ელ აგვისტოს გაიმართება 

საჩხერის ჩიხურამ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი აბერდინთან ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ მაინც ფრეს დასჯერდა. შეხვედრის რუმინელმა არბიტრმა ჰორაციუ ფესნიკმა ორი 11-მეტრიანი დანიშნა და ორივე შემთხვევაში გოლი გავიდა. რა თქმა უნდა, საშინაო მატჩში 1:1 ჩიხურასთვის იდეალური შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ საჩხერელები აბერდინთან საპასუხო შეხვედრის წინ უშანსოდ არიან.  

"დინამო არენაზე" ჩიხურას მხარდასაჭერად ქომაგი ძალიან ცოტა მოვიდა, თბილისში ჩამოსული რამდენიმე ათეული გულშემატკივრის შეძახილებით გამხნევებულმა აბერდინმა კი თამაში თამამად დაიწყო. ათლეტური შოტლანდიელები ბურთს თავიდანვე დაეუფლნენ და თამაშიც დიდწილად საჩხერელთა ნახევარზე წარიმართა, თუმცა სტუმართა სწორხაზოვან მოქმედებებს დინო ჰამზიჩის კართან რეალური საფრთხე არ მოჰყოლია. 

მე-40 წუთამდე მოედანზე უფრო ბრძოლა და უხეშობა იყო, ვიდრე თამაში. ტაიმის მიწურულს კი ჩიხურამ 11-მეტრიანის შესრულების უფლება მიიღო და ანგარიშის გახსნის შანსი გამოიყენა კიდეც. მანამდე აბერდინის საჯარიმოში შეჭრილი ირაკლი ლექვთაძე ფუნსო ოიომ აკრძალული წესით შეაჩერა, პენალტი კი გიორგი კორიფაძემ ზუსტად შეასრულა. 

1:0 კორიფაძე (41')

შესვენების შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდი მოედანზე გაცილებით თავდაჯერებული გავიდა. ჩიხურამ ბურთი დაიჭირა და მეტოქის კარზე სახიფათო იერიში რამდენჯერმე მიიტანა.

მაგრამ მე-60 წუთიდან აბერდინი ისევ გამოცოცხლდა. ტანმაღალი შოტლანდიელები ჩიხურას საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას, მათი ხუთწუთიანი შტურმი კი ჰამზიჩის კარში დანიშნული პენალტით დასრულდა. ბურთი ხელზე დავით მაისაშვილს მოხვდა. კოსგროუვმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა.

1:1 კოსგროუვი (68')

საჩხერელებს მოგება მაინც შეეძლოთ. თამაშის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ბესიკ დეკანოიძემ ბურთი შოტლანდიელთა საჯარიმოში მყოფ მიხეილ ერგემლიძეს ჩაუგდო. ჩიხურას ახალგაზრდა ფორვარდმა მახვილი კუთხიდან ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა აბერდინის მეკარე თითებით მაინც შესწვდა...

ერგემლიძის მომენტი

დარჩენილ დროში გამოსარჩევი აღარაფერი მომხდარა. საჩხერის ჩიხურა აბერდინთან საპასუხო შეხვედრას  1-ელ აგვისტოს, სტუმრად შოტლანდიაში, სტადიონ "პიტოდრიზე" გამართავს. ამ წყვილში გამარჯვებული კი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატულ რეიკას დაუპირისპირდება.

ჩიხურა 1:1 აბერდინი

გოლი: 1:0 კორიფაძე (პენ. 41'), 1:1  კოსგროუვი (პენ. 68').

ჩიხურა (4-3-3): ჰამზიჩი - კორიფაძე, მაისაშვილი, მამასახლისი, ჩიკვაიძე - ჩიტეიშვილი (ჩიხლაძე, 74'), კაშია, სარდალიშვილი - დეკანოიძე, ერგემლიძე, ლექვთაძე (ფანცულაია, 76').

აბერდინი (4-3-3): ლუისი - ლოგანი, ტეილორი (ბრაისონი, 16'), მაკენა, კონსიდაინი - ოიო, ფერგიუსონი, ჰედჯსი - გალაჰერი (უილსონი, 82'), კოსგროუვი, მაკგინი.

კომენტარები

ბოლო ამბები