Thumbnail
  • ფიფას ივლისის რეიტინგზე გავლენა კონტინენტურმა ჩემპიონატებმა იქონია
  • საქართველო რეიტინგში კვლავაც 94-ე ადგილს იკავებს
  • საუკეთესო ათეულიდან შვეიცარია და დანია გავარდნენ

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა და მასზე მნიშვნელოვანი გავლენა კონტინენტურმა პირველობებმა - კოპა ამერიკის, კონკაკაფის ოქროს თასისა და აფრიკის ერთა თასის შედეგებმა იქონია.

უცვლელი დარჩა საქართველოს ნაკრების პოზიცია - ვლადიმირ ვაისის გუნდი 1255 ბალით კვლავაც 94-ე ადგილზე რჩება.

სამაგიეროდ, ცვლილებები შეეხო ფიფას რეიტინგის ტოპათეულს. კოპა ამერიკა 2019-ის გამარჯვებულმა ბრაზილიის ნაკრებმა (1726 ბალი) ადგილი გაუცვალა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს (1718) და ახლა მეორე ადგილზეა, ლიდერი ბელგიის (1746) შემდეგ. რეიტინგის ტოპათეულში წინსვლა აქვს ურუგვაისაც, რომელიც 3 საფეხურით დაწინაურდა და მეხუთეა. მერვე პოზიციამდე აინაცვლა კოლუმბიამ, ხოლო არგენტინამ - მეათემდე. 

ბრაზილიამ კოპა ამერიკის ფინალში პერუს ანგარიშით 3:1 მოუგო

კონკაკაფის ოქროს თასის გამარჯვებული მექსიკა 6 საფეხურით დაწინაურდა და მე-12 ადგილს იკავებს. აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულმა ალჟირმა კი წინ ერთბაშად 28 ადგილით წაიწია და მე-40 პოზიციაზეა.

საუკეთესო ათეულში ადგილები დაკარგეს ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა: შვეიცარიამ და დანიამ, რომლებმაც შესაბამისად, მე-11 და მე-13 ადგილებზე გადაინაცვლეს. რაც შეეხება ევროშესარჩევში საქართველოს ნაკრების სხვა მოწინააღმდეგეების პოზიციებს, 32-ე ადგილზე რჩება ირლანდია (1489), ხოლო გიბრალტარი (893) - 198-ზე. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალ მატჩს 8 სექტემბერს ჩაატარებს - თბილისში დანიას უმასპინძლებს. 

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული

1. ბელგია - 1746 ქულა 
2. ბრაზილია - 1726 
3. საფრანგეთი - 1718
4. ინგლისი - 1652
5. ურუგვაი - 1637
6. პორტუგალია - 1631
7. ხორვატია - 1625
8. კოლუმბია - 1622
9. ესპანეთი - 1617 
10. არგენტინა - 1610.

კომენტარები

ბოლო ამბები