Thumbnail
  • საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე იუვენტუსმა ინტერს პენალტების სერიაში სძლია
  • დე ლიხტმა საკუთარ კარში შეაგდო, რონალდომ კი ჯარიმიდან გაათანაბრა 
  • ჯანლუიჯი ბუფონმა მილანის ინტერის ფეხბურთელებს სამი პენალტი აუღო 

ტურინის იუვენტუსმა და მილანის ინტერმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ითამაშეს. შეხვედრა ჩინეთში, ნანკინის ოლიმპიურ ცენტრში გაიმართა. ფრედ 1:1 დასრულებული ორი ტაიმის შემდეგ, ტურინელებმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოახერხეს - 4:3.

იუვეს აზიაში ქომაგები მრავლად ჰყავს

მაურიციო სარი უკვე მე-10 წუთზე ახალწვეულმა მატეის დე ლიხტმა დააღალატა, რომელმაც ინტერის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში შეაგდა. ამსტერდამის აიაქსიდან გადმობარგებული ჰოლანდიელი მცველისთვის ეს სულ მეორე შეხვედრაა ტურინულ გრანდში.

იუვენტუსმა გათანაბრება მეორე ტაიმში, კრიშტიანო რონალდოს გოლით მოახერხა. პორტუგალიელმა 68-ე წუთზე, მის წინააღმდეგ უხეშობისთვის დანიშნული საჯარიმოდან შესრულებული დარტყმით გაიტანა. ბურთი "კედელში" მდგარ სტეფან დე ვრეის მოხვდა და "ცხრიანში" ჩაეშვა.

იუვენტუსი 1:1 ინტერი

მატჩის ძირითადი სათამაშო დროს ამოწურვის შემდეგ, ტურნირის რეგლამენტის თანახმად, პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ჯანლუიჯი ბუფონისა და დანიელე პადელის ოსტატობის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცათ.

41 წლის ჯიჯი ისევ ფორმაშია

ტურინელთა გუნდიდან 11-მეტრიანი ნიშნულიდან გატანა კანსელომ, რონალდომ, ემრე ჯანმა და დემირალმა მოახერხეს, ბერნანდესკიმ და რაბიომ კი - ვერა. ინტერში ზუსტი პუშკაშის, მარიუსა და ბარელას დარტყმები აღმოჩნდა, ჯიჯი ბუფონთან დუელი კი რანოკიამ, ლონგომ და ვალერომ წააგეს.

ტურინის იუვენტუსი მომდევნო მატჩს 10 აგვისტოს, მადრიდის ატლეტიკოსთან ჩაატარებს, მილანის ინტერი კი 27 ივლისს ამხანაგურად პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები